ისრაელი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის გამოცდას საქართველოსა და უკრაინაშიც აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ისრაელი აშშ-ში ბაზირებულ კომპანია „ენარიქს ფარმაცევტიკალსთან“ პარტნიორობით აპირებს გამოცადოს ისრაელის მიერ შექმნილი ვაქცინა „ბრილაიფი“ (BriLife).
„ენარიქსისა“ და ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ცნობით, მათ უკვე გააფორმეს მემორანდუმი ვაქცინის მთელ მსოფლიოში წარმოებისა და მარკეტინგის უფლებების შესახებ.
„ენარიქსის“ წარმომადგენელთა თქმით, უკვე დაგეგმილია, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის მეორე და მესამე ფაზები ისრაელში, საქართველოსა და უკრაინაში ჩატარდება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროში, რომელიც ბიოლოგიურ ინსტიტუტს ზედამხედველობს, განაცხადეს, რომ ცდებში ათიათასობით მოხალისე ჩაერთვება.
როგორც „ენარიქსში“ ამბობენ, მათი ვაქცინა „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ მიერ წარმოებული ვაქცინისგან განსხვავებული ტექნოლოგიით არის დამზადებული. ის ცოცხლი ვირუსის საფუძველზეა შექმნილი. ამ დროისთვის მსგავსი ტექნოლოგიით შექმნილი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ში ავტორიზებული არ არის.
1tv.ge
p. s. შეგახსენებთ, რომ ისრაელში ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა გასული წლის ბოლოს დაიწყო. მანამდე, 2020 წლის მაისში ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მღრღნელებზე ჩატარებულმა ცდებმა კარგი შედეგები აჩვენა. კლინიკური კვლევის პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ იგეგმებოდა 30 ათას მოხალისეზე ტესტირება 2021 წლის აპრილ-მაისში, თუმცა ვადამ რამდენიმე კვირით გადაიწია.
კომენტარები