კრიმინალიქართველები უცხოეთში

საბერძნეთი: ხანიის ციხეში ქართველმა პატიმარმა თანამოსაკნე – საკუთარი თანამემამულე მოკლა

გუშინ საღამოს, დაახლოებით 6 საათზე მკვლელობა მოხდა საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიაში მდებარე საპატიმროში. საქართველოს მოქალაქემ, 42 წლის მამაკაცმა, რომელიც სასჯელს ცნობილი ბერძენი მსახიობის, ნიკოს სერღიანოპულოსის მკვლელობისთვის იხდის, ბასრი საგნით (თვითნაკეთი დანით) სასიკვდილოდ დაჭრა თავისი თანამოსაკნე, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ „პროტოთემა“ წერს.

მკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ საბედისწერო შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.

ბერძენი მსახიობის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა 2 წელიწადში, როცა პატიმრობის 15-წლიანი ვადა შეუსრულდებოდა, შეეძლო სასჯელის შემსუბუქება ეთხოვა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქემ დავით მურჯიკნელმა (ბერძნული მედია გვარს არასწორად წერს – Μουρτινέλi), საბერძნეთის თეატრის და კინოს ცნობილი მსახიობი ნიკოს სერღიანიოპულოსი 2008 წლის 3 ივნისს მოკლა – მას გულ-მკერდის არეში დანით 21 ჭრილობა მიაყენა. მსახიობი თავის სახლში გარდაცვლილი 4 ივნისს იპოვეს, თვე-ნახევარში კი დავით მურჯიკნელი დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღაიარა. მისი თქმით, მსახიობი შეურაცხყოფისთვის მოკლა – სექსის შეთავაზების გამო.

დავით მურჯიკნელს პირველი ინსტანციის სასამართლომ 20 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ათენის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის ივნისში 34 წლის ქართველს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. ამას გარდა სასამართლომ მას 10 თვით პატიმრობა დაუმატა მოკლულის სახლიდან ფულისა და კომპიუტერის წაღების გამო.

ნინო ბაჯელიძე

p. s. საქართველოს საელჩომ საბერძნეთის ციხეში მკვლელობის შესახებ ფეისბუქით განცხადება გაავრცელა.

„ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 26 ივნისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის მოხდა დაპირისპირება. დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს.

საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა, კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close