„ნიუჰოსპიტალსის“ ეზოში სატვირთო ავტომანქანა შევარდა, რომელმაც რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა – დაიღუპა 2 ადამიანი (ვიდეო)
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა. სატვირთო მანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რომელშიც ადამიანები ისხდნენ, შემდეგ კი ავტომობილებთან და ხალხთან ერთად საავადმყოფოს ეზოში გადავარდა.
ერთი მოქალაქე, რომელიც მანქანებს შორის მოყვა, ადგილზევე დაიღუპა, მეორეს კლინიკაში შეყვანა მოასწრეს, მაგრამ ისიც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
საზარელი ავარიის ადგილიდან კადრები პოლიტიკოსმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაავრცელა.
მძღოლი გადარჩა, თუმცა ისიც საავადმყოფოშია. ავარიის შედეგად დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.
„ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმ-რეანიმატოლოგის ინფორმაციით, ამჟამად „ნიუ ჰოსპიტალში“ ოთხი დაშავებული მკურნალობს და მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
„კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ამჟამად ოთხი პაციენტი მკურნალობს, სამი მათგანის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთი პაციენტის საშუალო სიმძიმის. დაშავებულებიდან ერთ-ერთი არის არასრულწლოვანი, რომლის მდგომარეობა ჯერჯერობით არის მძიმე, არის მრავლობითი ტრავმის დიაგნოზი. ამჟამად უტარდებათ ინტენსიური დახმარება და მკურნალობა. შეიძლება პაციენტებს ჩაუტარდება ოპერაციული ჩარევა საჭიროებისამებრ“, – განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.
კომენტარები