ეკონომიკასაზოგადოება

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლების წარმომადგენლები სამი პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თითქმის 9-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ განუცხადა ჟურნალისტებს.

„დღევანდელ შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე მოხდა შეთანხმება. პირველი – ვაწარმოებთ რისკების შესწავლას, თუ გამოვლინდება რისკები, შევეცდებით ისინი აღმოვფხვრათ; მეორე – როგორ არის შესაძლებელი რიონის ხეობაში სიტუაციის განმუხტვა – შევთანხმდით ბარიერების მოხსნაზე და კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების გადაადგილების უზრუნველყოფაზე; მესამე – ენერგოუსაფრთხოებაზე დოკუმენტის შემუშავება – მთავრობა განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას“, – თქვა მან.

მისივე თქმით, მედიაციის გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ აღსრულდება შეთანხმება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ამ შეთანხმების შესრულებისთვის დრო შემდეგ პარასკევამდეა, მედიაციის პროცესში კი ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხს დააყენებენ.

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ „ენკასთან“ დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.

დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში არ შეუშვან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არ გაგრძელდეს მშენებლობა, სანამ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ იქნება ცნობილი.

ხელისუფლების მტკიცებით, „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close