ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

უცნობმა მამაკაცმა ემანუელ მაკრონს სილა გააწნა (ვიდეო)

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში იმყოფებოდა, მოქალაქეთა ჯგუფთან შეხვედრისას უცნობმა მამაკაცმა სახეში სილა გააწნა. 

ინციდენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, დრომის (la Drôme) რეგიონში მოხდა, როდესაც პრეზიდენტი კომუნა ტენ-ლ’ერმიტაჟში სასტუმროების პერსონალის მოსამზადებელი კურსების მოსანახულებლად იმყოფებოდა.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჩანს, როგორ მიდის მაკრონი ბარიერების მიღმა შეკრებილ ადამიანებთან, მოულოდნელად მას უცნობი მამაკაცი მარცხენა ხელს უკავებს და მეორე ხელს სახეში  ურტყამს, ამასთან, ისმის ყვირილი: „ძირს მაკრონიზმი!“

ამის შემდეგ საქმეში დაცვის თანამშრომლები ჩაერივნენ, პრეზიდენტს გადაეფარნენ და შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.

„ლე ფიგაროს“ ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით 2 ადამიანი დააკავეს – Damien T., რომელმაც, სავარაუდოდ, პრეზიდენტს სილა გააწნა და Arthur C.

ფრანგმა პოლიტიკოსებმა ერთხმად დაგმეს მომხდარი. ნაციონალური ასამბლეისადმი მიმართვისას პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ მართალია დემოკრატია კამათს და აზრთა სხვადასხვაობას გულისხმობს, მაგრამ „ის არასდროს უნდა გადაიზარდოს ძალადობაში, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და, მით უმეტეს, ფიზიკურ თავდასხმაში“.

მომხდარი დაგმო საფრანგეთის პოლიტიკის უტრამემარჯვენე ფრთის ხელმძღვანელმა მარინ ლე პენმაც, რომელმაც განაცხადა, რომ თუმცა ზოგჯერ პოლიტიკური დებატები შეიძლება გაცხარებული და მწვავე იყოს, მათში ფიზიკური ძალადობის ადგილი არ არის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში ვიზიტისთვის 8 ივნისი აირჩია – იმ თარიღის წინა დღე, როცა 7-თვიანი ლოქდაუნის შემდეგ საფრანგეთში ბარები და რესტორნები კვლავ იხსნება მოსახლეობისთვის.

ოთხშაბათიდან, 9 ივნისიდან მცირდება, აგრეთვე, კომენდანტის საათის ხანგრძლივობაც, რომელიც 21:00 სთ-ის ნაცვლად 23:00 სთ-ზე დაიწყება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close