ცნობილი ირანელი კინორეჟისორი საკუთარმა მშობლებმა მოკლეს, გვამი დაანაწევრეს და ასე მოიშორეს
ირანში დააკავეს მოხუც ცოლ-ქმარი, რომლებმაც აღიარეს, რომ საკუთარი შვილი მოკლეს, დაანაწევრეს და ტომრებით ქალაქის სხვადასხვა უბანში, ნაგვის ყუთებში გადაყარეს. შემთხვევა, რომელმაც ირანელი საზოგადოება გააოგნა, თეირანში მოხდა. ამასთან, ცოლ-ქმარმა დაკავების შემდეგ სხვა მკვლელობებიც აღიარა – მათ 2011 წელს იმავე მეთოდით სიძე, ქალიშვილის ქმარი მოკლეს, 2018 წელს კი – საკუთარი ქალიშვილი. ორივე მათგანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
მოკლული 47 წლის რეჟისორი ბაბაკ ხორამდინია. რეჟისორის მკვლელობა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთ უბანში ადგილობრივმა მცხოვრებმა სანაგვეში ადამიანის სხეულის ნაწილი შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა სანაგვე ყუთში ადამიანის სხეულის ნაწილები, მათ შორის, 2 ხელი აღმოაჩინეს და თითების ანაბეჭდების მიხედვით მოკლულის ვინაობა დაადგინეს, რის შემდეგაც ისინი ხორამდინის მშობლების სახლში მივიდნენ.
მათ მკვლელობის ბრალდებით რეჟისორის 81 წლის მამა – აკბარ ხორამდინი და 74 წლის დედა – ირან ხორამდინი დააკავეს.
გაზეთ Hamshahri-ს ინფორმაციით, დაკითხვისას მათ აღიარეს, რომ საკუთარ შვილს ჯერ საძილე საშუალება მისცეს, რომ გათიშულიყო, შემდეგ კი გაგუდეს. სიკვდილში რომ დარწმუნებულიყვნენ, მას რამდენჯერმე დანაც ჩაარტყეს, დაანაწევრეს და მისი სხეული ასე ნაწილ-ნაწილ გადაყარეს სანაგვე ყუთებში.
მოკლული რეჟისორის მშობლებმა დაკავების შემდეგ აღიარეს კიდევ ორი მკვლელობა – მათ 2011 წელს იმავე მეთოდით სიძე მოკლეს, 2018 წელს კი – საკუთარი ქალიშვილი. მათი თქმით, სიძე სასტიკი მოპყრობის გამო მოიშორეს, ქალიშვილი კი – იმიტომ, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა.
რაც შეეხება რეჟისორის მკვლელობას, მათი თქმით, შვილი იმიტომ მოკლეს, რომ უცოლო იყო და სტუდენტებთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობები.
სასამართლო სხდომის დროს Hamshahri-ს ჟურნალისტებს აკბარ ხორამდინმა უთხრა, რომ თავის საქციელს არ ნანობს:
„არ ვნანობ, რაც ჩემს ცოლთან ერთად ჩავიდინე, ისინი გარყვნილები იყვნენ და მადლობას ვუხდი ღმერთს“, – განაცხადა მან.
ამ დანაშაულმა სოციალურ ქსელებში ირანის საზოგადოებას შორის დიდი დისკუსია გამოიწვია ქვეყნის სასამართლო სისტემის შესახებ, რომელიც საკუთარი შვილის მკვლელი მშობლების მიმართ შედარებით შემწყნარებელია. ირანში მკვლელობა, ზოგადად, სიკვდილით ისჯება, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ შვილებს კლავენ, მაქსიმუმ 10 წელი ციხეა გათვალისწინებული. ამის მიუხედავად რეჟისორ ბაბაკ ხორამდინის მშობლებს შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროთ, თუ მათ სიძის მკვლელობისთვის გაასამართლებენ.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები