როგორ იწყევლებოდნენ 2300 წლის წინათ ძველი ათენელები – არქეოლოგიური მტკიცებულება
2300 წლის კერამიკის ქილა, რომელიც ქათმის დანაწევრებული ძვლებით არის სავსე, სავარაუდოდ, უძველესი წყევლის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელსაც ძველი ათენის 55 მკვიდრი უნდა მოეკლა ან დაეტანჯა. არქეოლოგთა განცხადებით, აღმოჩენა კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორ ცდილობდნენ ამ ქალაქში ჯადოს გამოყენებას.
კერამიკის ქილა და მონეტა აგორას კლასიკური სავაჭრო შენობის იატაკის ქვეშ აღმოაჩინეს, რომელსაც უძველესი ხელოსნები იყენებდნენ.
„ქილაში მოთავსებული იყო ქათმის დანაწევრებული თავის და ქვედა კიდურები“, – ამბობს იელის უნივერსიტეტის პროფესორი ჯესიკა ლამონტი.
იმ დროისათვის, ძვ. წ. დაახლოებით 300 წელს, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჯადო გააკეთეს, ქილაში ასევე მოათავსეს მოზრდილი რკინის ნალი.
„ქილის გარე ნაწილი თავდაპირველად წარწერებით ყოფილა დაფარული; ეწერა 55 ადამიანის სახელი, მაგრამ ბევრი მათგანი ძლივსღა იკითხება“, – წერს ლამონტი.
მისივე განცხადებით, ნალი და ქათმის ძვლები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯადოში. ნალები ხშირად გვხვდება უძველეს წყევლებში და განასახიერებდა წყევლის ადრესატის პარალიზებას.
დაკვლისას ქათამი 7 თვის უნდა ყოფილიყო. როგორც ლამონტი აღნიშნავს, წყევლის ავტორებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ იმ ადამიანებს, რომელთა სახელებიც ქილაზე ეწერა, გადასცემოდათ ქათმის უმწეობა და საკუთარი თავის დაცვის უუნარობა.
ქილაში ქათმის თავი და ფეხები ერთმანეთში იყო გადაგრეხილი. მკვლევართა აზრით, წყევლის ავტორებს მიაჩნდათ, რომ ადრესატები საკუთარი სხეულის სწორედ ამ ნაწილების გამოყენების უნარს დაკარგავდნენ.
კომენტარები