საბერძნეთი: გუშინ ხანიაში დაკარგული 11 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
გუშინ ხანიაში (ქალაქი საბერძნეთი, კუნძულ კრეტაზე) დაკარგული 11 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. იგი სახლიდან საღამო ხანს გამოვიდა სასეირნოდ და მას შემდეგ ცოცხალი აღარავის უნახავს.
სამართალდამცავი ორგანოების და სახანძრო სამსახურის თანამშრომლების მასშტაბური მობილიზაციის და ძებნის შემდეგ მოზარდი დღეს წმინდა მოციქულის (აგია აპოსტოლი) ეკლესიასთან ახლოს, პლაჟზე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ მედია წერს.
პირველადი ინფრომაციით, სავარაუდოდ, გოგონა ქვებზე დიდი სიმაღლიდან დაეცა. ამჟამად მიმდინარეობს დაცემის გარემოებების, აგრეთვე, ოჯახში ბავშვის ცხოვრების პირობების გამოძიება.
მოგვიანებით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გამოირიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მოზარდი დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლი გახდა. ხანიის პოლიციის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგოს ლამპინაკისმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს უთხრა: „დანაშაული გამორიცხულია, ასეთია სასამართლო სამედიცინო ექსპერტის აზრი. მიმდინარეობს დაცემის მიზეზების დადგენა“.
გოგონას გაუჩინარების შესახებ პოლიციას მისმა დედამ შეატყობინა და სახანძრო სამსახურმა და სამართალდამცველებმა ბავშვის ძებნა დაიწყეს. 11 წლის მოზარდს სახანძრო სამსახურის 15 მაშველი ეძებდა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სანაპირო დაცვის თანამშრომლები საპატრულო მანქანებით. გოგონას ძებნაში სახანძრო ბრიგადის დრონიც მონაწილეობდა, ამასთან, გაშვებული იყო Amber Alert-ი. მოზარდი, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს. როგორც აღვნიშნეთ, ვარაუდობენ, რომ იგი ქვებზე დიდი სიმაღლიდან დაეცა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები