კინო/ფილმებიმსოფლიო

დაჯილდოება პანდემიის დროს – რა მოხდა წლევანდელ „ოსკარებზე“

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ქლოა ჩჟაოს „მომთაბარეთა მიწამ“ გაიმარჯვა

ლოს-ანჯელესში 25 აპრილს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების – ე . წ. „ოსკარების“ 93-ე ცერემონია გაიმართა. პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია განახლებული ფორმატით, ერთდროულად რამდენიმე ადგილას წარიმართა. ორი ძირითადი სივრცის სახით კი ლოს ანჯელესის (კალიფორნიის შტატი) დოლბის/Dolby თეატრი და ქალაქის სარკინიგზო სადგური Union Station იყო გამოყოფილი. ცერემონიას მხოლოდ მონაწილეები დაესწრნენ, სხვა სტუმრები არ მიუწვევიათ. დაჯილდოება კოვიდრეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ მიიღო წარმოშობით ჩინელი რეჟისორის, ქლოა ჩჟაო​ს კინოსურათმა  „მომთაბარეთა მიწა“.

Producers Peter Spears, from left, Frances McDormand, Chloe Zhao, Mollye Asher and Dan Janvey, winners of the award for best picture for “Nomadland,” pose in the press room at the Oscars on Sunday, April 25, 2021, at Union Station in Los Angeles. (AP Photo/Chris Pizzello, Pool)

მასში მთავარ როლს ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი პროფესიონალი მსახიობია, რომელიც ფილმში თამაშობს. მან ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ დაიმსახურა. ეს მაკდორმანდისთვის მესამე „ოსკარია“, რითაც იგი მერილ სტრიპს დაეწია.

ფილმის რეჟისორმა ქლოა ჩჟაომ წლევანდელ დაჯილდოებაზე „ოსკარი“ საუკეთესო რეჟისურისთვისაც მიიღო. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო ამ ნომინაციაში ქალს გადაეცემა. პირველი ქალი რეჟისორი, რომელმაც 2009 წელს „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის, ქეთრინ ბიგელოუ იყო, ფილმისთვის „ქარიშხლის მბრძანებელი“ (The Hurt Locker).

ქლოა ჩჟაო ჩინეთში დაიბადა, თუმცა აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.

„მომთაბარეთა მიწა“ მოგვითხრობს დაქვრივებულ ქალზე, რომელიც სამუშაოსაც კარგავს და იძულებულია, მთელი აშშ-ის ტერიტორიაზე იხეტიალოს. ამ ფილმისთვის ქლოა ჩჟაომ „ოსკარამდე“ მიიღო „ოქროს გლობუსი“ ნომინაციაში „საუკეთესო დრამატული ფილმი“ და, აგრეთვე, BAFTA  (British Academy Film Awards).

მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის კი წელს „ოსკარი“ ლეგენდარულ ბრიტანელ მსახიობს ენტონი ჰოპკინსს ერგო, ფილმისთვის „მამა“. ფილმის მთავარ გმირს, რომელსაც ჰოპკინსი განასახიერებს, დემენცია აქვს. ფილმმა ერთბაშად 6 ნომინაციაში დაიმსახურა კინოაკადემიის ჯილდო.

კადრი ფილმიდან „მამა“

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კონოაკადემიის ჯილდო იუნ იუჰ-ჯუნგს გადაეცა („მინარი“/Minari).

იუნ იუჰ-ჯუნგი წითელ ხალიჩაზე

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის კი „ოსკარი“ დენიელ კალუიამ მიიღო ფილმისთვის „იუდა და შავი მესია“.

დენიელ კალუია წითელ ხალიჩაზე

საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში „ოსკარი“ ტომას ვინტერბერგის დრამამ „ნასვამი“ (Drunk) მოიპოვა.

„ოსკარის“ მფლობელი გახდა „პიქსარის“ ახალი ანიმაცია „სული“, რომელმაც მანამდე არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მათ შორის, „ოქროს გლობუსი“ და „ბაფტა“.

ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე:

ამანდა სეიფრიდი „არმანის“ კაბაში
ზენდაია „ვალენტინოს“ კაბაში
რიზ უიზერსპუნი „დიორის“ კაბაში

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close