fbpx
ინტერვიუ

კორონავირუსის ინდური შტამების წინააღმდეგ ვაქცინა ეფექტიანია – პაატა იმნაძე კვლევის შედეგებზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ინდოეთში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ორივე ვაქცინა, რომელსაც ამ დროისთვის ინდოეთში იყენებენ, კორონავირუსის ინდური ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტიანია.

„ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ძირითადად, მედიის მიერ მოგონილია, არ შეიძლება, ვიანგარიშოთ ასე, ორმაგად, სამმაგად, ჩვეულებრივი მუტაციებია. ორი ვარიანტია ახლა – 617 და 618, მათი ნომრებია, კი ბატონო, მათში მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს იყო ბრიტანულ შტამში, მაგრამ ძალიან საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა. მოგეხსენებათ, ინდოეთში გამოიყენება ორი ვაქცინა, ისეთივე ტიპის ვაქცინა, როგორიც არის ვთქვათ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, ანუ დახოცილი ვირუსისგან გაკეთებული ვაქცინა და მეორე – „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელსაც ინდოეთი უშვებს. ახლა გამოქვეყნდა ჩვენი ინდოელი კოლეგების პუბლიკაცია, რომელიც აღნიშნავს, რომ ორივე ეს ვაქცინა ინდურ ვარიანტებზე მუშაობს. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, ინდოეთში ამდენი ადამიანი აიცრა და მაინც რატომ არის ასეთი მდგომარეობა? ინდოეთში რომ აიცრება 100 მილიონი კაცი, ეს იგივეა, საქართველოში რომ აიცრება 3 000 კაცი, მოსახლეობაზე უნდა გადავიანგარიშოთ (ინდოეთის მოსახლეობა მილიარდ 300 მილიონს უდრის – რედ.). ინფექციის გავრცელების მხრივ პრობლემას ხსნის ის ქვეყანა, ვისაც თავისი მოსახლეობის 60 პროცენტი უკვე ჰყავს ორჯერადად აცრილი, მაგალითად, ისრაელი. ინდოეთში, თუ არ ვცდები, სულ აცრილია მოსახლეობის 6 პროცენტი (24 აპრილის მონაცემებით, ინდოეთში აცრილი იყო მოზრდილი მოსახლეობის 2% – რედ.), მერე რა, რომ ეს არის ათეულ მილიონობით ადამიანი, ეს ძალიან ცოტაა ინდოეთისთვის. ამიტომ ინდოეთმა შეწყვიტა ქვეყნის გარეთ ვაქცინების გატანა… ინდოეთში მოცირკულირე შტამების წინააღმდეგ ვაქცინა მუშაობს, ორივე ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის ინდოეთში“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ინდური შტამის გავრცელების პირდაპირი რისკი არ არსებობს, თუმცა როცა აღნიშნული შტამი მთელ მსოფლიოში გავრცელდება, საქართველოც მსოფლიოს ნაწილია და მისგან იზოლირებული ვერ იქნება.

გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, ინდოეთიდან საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქე 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. ინდოეთიდან შესვლის პირობები ბევრმა ქვეყანამ გაამკაცრა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებმაც, სადაც ინდური შტამის შემთხვევები უკვე არის დაფიქსირებული – მაგ., შვეიცარიაში, სადაც ის ტრანზიტულ მგზავრს აღმოაჩნდა; ჩეხეთში – ინდური შტამი ინდოეთიდან ჩასულ სტუდენტს დაუდასტურდა, ხოლო იტალიაში – ინდოეთის მოქალაქე მამა-შვილს, რომლებიც ცოტა ხნის წინ ინდოეთიდან დაბრუნდნენ.

ინდურ შტამთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა საგანგაშო ინფორმაციები ვრცელდება და ეს გასაგებიცაა, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ინდოეთში სიტუაცია ნამდვილი აპოკალიფსის მსგავსია: 20-იდან 25 აპრილის მონაცემების ჩათვლით, ქვეყანაში ვირუსით დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 6 აპრილის შემდეგ ინფიცირების დღიური მაჩვენებლები 100 ათასს აჭარბებს და სულ უფრო და უფრო მზარდია, 25 აპრილს რეკორდული, 360 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დელიში, საავადმყოფოებში ადგილები არ არის, ჟანგბადის ბალონები და აპარატურები არ ჰყოფნით და, შესაბამისად, გარდაცვალების მაჩვენებლებიც ძალიან მაღალია, მათ შორის, ახალგაზრდა ასაკშიც. კრემატორიუმები ცხედრების დაწვას ვერ აუდიან (ინდუიზმში დაკრძალვის ერთადერთი დასაშვები გზა დაწვაა). აშშ-მა, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და მსოფლის სხვა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ინდოეთის დახმარება.

ინდოეთში 1,3 მლრდ ადამიანი ცხოვრობს და მათგან ორივე დოზით უკვე აცრილია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტამდე. ინდოეთი ვაქცინების უდიდესი მწარმოებელია ქვეყანაში, ის აწარმოებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინასაც. ინდოეთი ამიერიდან თავდაპირველად საკუთარ მოსახლეობას დააკმაყოფილებს ვაქცინებით, პირველი მაისიდან ვაქცინები ხელმისაწვდომი იქნება ინდოეთის ყველა მოქალაქისთვის 18 წელს ზემოთ.

ექსპერტების აზრით, ინდოეთში ეპიდემიის მეორე ტალღის დროს დაავადების ასეთ სწრაფად გავრცელების მიზეზი არა მარტო ვაქცინაციის დაბალი ტემპებია, არამედ მასობრივი რელიგიური, პოლიტიკური და სპორტული ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგ. კუმბჰ მელაში (Kumbh Mela) მომლოცველობის რიტუალში რამდენიმე მილიონი ინდუისტი მონაწილეობდა. განგში რიტუალური ბანაობის დროს კი არავის ეკეთა ნიღაბი და არც არავინ იცავდა დისტანციას.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, ინდური შტამი, რომელიც მედიამ „ორმაგ მუტანტად“ მონათლა, 50%-ით უფრო გადამდებია, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას იწვევს და უფრო მომაკვდინებელია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close