ბზობის დღესასწაული სალხინოს ეკლესიაში მუშტი-კრივის თანხლებით ჩატარდა – ვინ არის კლიმენტი კეკუტია (ვიდეო)
ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ეკლესიის ეზოში, სადაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსის მხარდამჭერები და მათი მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლაში ჩართულნი იყვნენ სასულიერო პირებიც.
ვითარება ეკლესიის ეზოში რამდენჯერმე დაიძაბა. პირველად მოქალაქეები ერთმანეთს ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენის შემდეგ დაუპირისპირდნენ. ადგილობრივი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მას ტაძარში მოსვლის უფლება არ აქვს, რადგან ის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ღიად უპირისპირდებოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ სანამ კეკუტია ტერიტორიას არ დატოვებდა, მიტროპოლიტ სტეფანეს არ შეუშვებდნენ.
როგორც primetime.ge წერს, ბიზნესმენი კეკუტია ბოლო დღეებში აქტიურად ჩნდება ეპარქიაში, რაც ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.
ადგილობრივების თქმით, ბიზნესმენი კეკუტია დიდი ქონების პატრონია. მას აქვს ხუთსართულიანი ვილა სალხინოში, ოჯალეშის ვენახები, მიწის ნაკვეთები და თხილნარი.
„კურიერის“ ინფორმაციით, კლიმენტი კეკუტიამ სალხინოს ეკლესიას ხატი შესწირა. რამდენიმე თვეში კი მამათა მონასტერში არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და თავისივე საჩუქარი უკან თვითნებურად დაიბრუნა.
ხატის ქურდობა ერთადერთი პრეტენზია არ არის, რომელიც სასულიერო პირებს კეკუტიას მიმართ აქვთ. მათი თქმით, მდიდარი ბიზნესმენი წლების განმავლობაში სალხინოს ხელში ჩაგდებას ცდილობდა, სადაც სასტუმროს აშენება სურდა; აგრეთვე, დაინტერესებული იყო დადიანების სასახლის ღვინის მარნით, სადაც დღემდე წლების დაძველებით საკოლექციო ოჯალეშია შენახული. დაინტერესებული იყო, ასევე, დადიანების საზაფხულო რეზიდენციითაც.
მამა დანიელი, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ ტაძრის წინამძღვრობიდან გადააყენა, ადასტურებს ამ ინფორმაციას.
მისივე თქმით, მეუფე სტეფანეს დასახვედრად დღეს ტაძარიც მოამზადეს და ერთადერთი თხოვნა რაც მასთან ჰქონდათ იყო ის, რომ იქ კეკუტია არ მიეყვანა.
თავად ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია ამბობს, რომ არავის ინტერესებით არ მოქმედებს. „მე საერთოდ დავალებით არ დავდივარ“, – ასე უპასუხა კლიმენტი კეკუტიამ ჟურნალისტებს.
კლიმენტი კეკუტიასთან ერთად სალხინოს ტაძარში წირვას ესწრებოდა ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. მას მხარდამჭერებმა დერეფანი გაუკეთეს და გააცილეს ოვაციებითა და შეძახილებით „გვიყვარხარ”.
მან ასევე თქვა, რომ ჟურნალისტებს აღარ დაელაპარაკება, შეკითხვებს მხოლოდ წერილობით მიიღებს და წერილობით უპასუხებს.
ჭყონდიდის ეპარქიაში 2019 წელს დაწყებული დაპირისპირება და დაძაბულობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გამწვავდა.
ეპისკოპოსმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, სასჯელი 20-მდე სასულიერო პირს დააკისრა. 29 მარტის განკარგულებით, მან წინამძღვრობიდან გაათავისუფლა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა (ბოლქვაძე).
დაპირისპირებული სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, მეუფე პეტრეს მიმართ ცილისწამებაში ადანაშაულებენ და მოითხოვენ დაამტკიცოს, რომ პეტრე ცაავას შვილი ჰყავს.
საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა
კომენტარები