მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიაში საერთო შემზღუდავი ზომები ამოქმედდება მესამე ტალღასთან საბრძოლველად

გერმანიის ბუნდესტაგმა დღეს, 21 აპრილს დაამტკიცა მთელი ქვეყნისთვის ერთიანი დამცავი ზომები – „ავარიული მუხრუჭი“ კორონავირუსის ეპიდემიის მესამე ტალღასთან საბრძოლველად. აქამდე გერმანისს 16 ფედერალურ მიწაზე განსხვავებული შემზღუდავი ზომები მოქმედებდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. ცვლილებებს ინფექციებისგან ადამიანების დაცვის კანონში მხარი დაუჭირა 342-მა დეპუტატმა, 250 წინააღმდეგი წავიდა, 64-მა კი თავი შეიკავა.

ერთიანი წესები მთელი გერმანიისთვის

ცვლილებებს შემოაქვს ერთიანი წესები მთელი გერმანიისთვის, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლას ეხება („ავარიული მუხრუჭი“). ოლქებისა და ქალაქებისთვის, სადაც ინფიცირების დონე მაღალია, გათვალისწინებულია ღამის კომენდანტის საათი (თუ ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კვირაში 100 მიაღწევს 100 ათას მოსახლეზე), სკოლების დახურვა და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა (100 ათას მოსახლეზე კვირაში 165-ზე მეტი ახალი შემთხვევის დარეგისტრირებისას); პირველი მოხმარების საგნების და პროდუქტების მაღაზიების გარდა, სხვა მაღაზიები, აგრეთვე, კულტურული და გასართობი დაწესებულებები დაიხურება.

შეხვედრა შეუძლიათ ერთი საოჯახო მეურნების წევრებს + ერთი გარეშე ადამიანი.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის დასახლებებში კომენდანტის საათი იმოქმედებს საღამოს 10-იდან დილის 5 საათამდე, ამავე დროს, სუფთა ჰაერზე ინდივიდუალური (ერთი ადამიანი) სპორტული აქტივობები 10 საათის შემდეგაც დაშვებულია, ისევე როგორც სამსახურთან ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან (ექიმთან ვიზიტი) დაკავშირებული გადაადგილება.

დამსაქმებლებს ვალდებულება ექნებათ, სულ ცოტა, კვირაში ერთხელ გაუკეთონ კოვიდ-19-ის ტესტი იმ თანამშრომლებს, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა არ შეუძლიათ.

ბუნდესტაგის მიერ დამტკიცებული კანონი 24 აპრილამდე არ შევა ძალაში. მისი რატიფიცირება ჯერ ბუნდესრატმა (გერმანიის ფედერალური მიწების პალატა) უნდა მოახდინოს და ქვეყნის პრეზიდენტმა – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უნდა მოაწეროს ხელი, რის შემდეგაც დოკუმენტი გამოქვეყნდება.

პარლამენტის მიერ მიღებული ზომები მინიმუმ 30 ივნისამდე იქნება ძალაში. დეპუტატების აზრით, ამ დროისთვის პანდემია მნიშვნელოვნად დაექვემდებარება კონტროლს მოსახლეობის ვაქცინაციის წყალობით.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის გამო 80 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის 5000-მდე პაციენტს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობენ. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 31000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

კანონის მიღების პარალელურად ბერლინში, პარლამენტის შენობასთან 8000-იანი საპროტესტო აქცია გაიმართა. 2200-ზე მეტმა პოლიციელმა დაიწყო მანიფესტაციის დაშლა და მათ შორის დაპირისპირებები მოხდა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close