ვისი გორისაა „რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი და რას სთხოვს მას ემიგრანტი იტალიიდან
„რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი, რომელიც „ნამანხვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციებს უდგას სათავეში და თავის თანამოაზრეებთან ერთად უკვე 137 ღამე გაათია ღია ცის ქვეშ, დღეს ინტერნეტსივრცეში ყველაზე პოპულარული პერსონაა.
ვარლამ გოლეთიანი: „ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. წარმოშობით კი ლეჩხუმიდან ვართ, დედაც და მამაც ლეჩხუმელები არიან. ბებია და ბაბუაც ქუთაისში ცხოვრობდნენ, იქ გაყიდეს სახლი, მაგრამ მერე დავბრუნდით. მამაჩემი სასულიერო პირია. როდესაც იმ მხარეში დაიწყო მოღვაწეობა, თავიდან დავუკავშირდით იქაურობას.
მამა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაშია. 28 სოფლის მღვდელია. აქ ცოტანი არიან მოძღვრები, თითო სასულიერო პირზე ბევრი სოფელი მოდის.
ტრადიციული ოჯახი გვაქვს. და და ძმა მყავს. მეც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი და თეოლოგიური განათლება მივიღე. გალობის ისტორიას ვასწავლი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სასწავლებელში. ფოლკლორულ ანსამბლ „სახიობას“ წევრი ვარ და სიმღერითაც ვიყავი დაკავებული. ლეჩხუმს საფრთხე რომ შეექმნა, რადგან ფაქტობრივად 80% წყლით იფარება ჰესის აშენების შემთხვევაში, მეც ჩავერთე ბრძოლაში…
დედაჩემი აღმოსავლეთმცოდნეა. რაღაც პერიოდი უნივერსიტეტში მუშაობდა. ახლა ისიც ჩათულია ამ პროცესებში, ერთად ვართ მთელი ოჯახი“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
ის ამავე ინტერვიუში პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს, როცა „სამეფო კარის თამაშების“ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟს, ჯონ სნოუს ადარებენ:
„ჯონ სნოუ ფოტოებზე ვნახე მხოლოდ, სხვა დეტალები არ ვიცი. წლების წინაც მამსგავსებდნენ მეგობრები და ახლა მახსენებენ, გახსოვს, რომ გეუბნებოდითო. ახლა კი ამბობენ, რომ ცხოვრების წესითაც ვგავარ. როგორც კი მოვახერხებ, ვნახავ ამ სერიალს…“
ვარლამ გოლეთიანს იმის შესახებაც ჰკითხეს, თუ როგორი გოგონები მოსწონს:
„ლამაზი და ჭკვიანი. სილამაზისა და სიჭკვიანის გარეშე არაფერს აქვს აზრი ალბათ. რჩეული არ მყავს…“
თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ ბრძოლის გამო პირადი სივრცე აღარ რჩება.
ან როგორღა დარჩება პირადი სივრცე, როდესაც „იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის-ნამუსს იცავ“, – სწორედ ეს სიტყვები მოსწერა ღია წერილში ვარლამს ქართველმა ემიგრანტმა ლელა თოლორდავამ იტალიიდან და მისი გაზიარება ითხოვა:
„ერთ პატარა სოფელში 83 წლის ფრანჩესკა ბებოს სახლიდან გწერ ამ წერილს. იმ დღის შემდეგ, რაც შენ აღმოგაჩინე, იმედი გამიცოცხლდა, რომ ჩემს მონატრებულ სამშობლოში ხალხმა გაიღვიძა… რიონის ხეობის მოსახლეობის სამართლიანი პროტესტი, ჩემი გაგებით, მარტო ნამახვანჰესის წინააღმდეგ არაა მიმართული, სხვა მუხტი დავიჭირე, მცდელობა იმისა, ქვეყნის მართვის სადავეები ხალხის ხელში გადავიდეს. დიახაც, ქართველი ხალხის საკუთრებაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში არსებული თითოეული გოჯი მიწა და არა მთავრობის…
დიდი მისია დაგაკისრა არსთა გამრიგემ. შენ უნდა უწინამძღვრო ამ ხალხს, ადგილის დედის, ფუძის ანგელოზის და მამა-პაპათა საფლავების დამცველ ხალხს… მინდა, ასეთი სუფთა და გულწრფელი დარჩე, გვერდით არ გაიკარო ,,ვაიპოლიტიკოსები”, რომლებიც ცდილობენ, სათავისოდ გამოიყენონ შენი დამსახურებით აზვირთებული ტალღა. იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ. ჩემი, ერთი ემიგრანტი დედის, ხორცშესხმული იმედი ხარ. შენ გვერდით მიგულე სიტყვით და საქმით. ჩვენი დროის გმირი ხარ, ხალხის წიაღში დაბადებული გმირი… გააზიარეთ, გთხოვთ“. ლელა თოლორდავა
პროტესტის 137-ე დღე მნიშვნელოვანი გამოდგა…
15 აპრილს ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრიდან გამოსულმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ამ შეხვედრამ კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა გააჩინა. რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ აქტივისტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად აუცილებელია სამი პირობის შესრულება.
„ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. დათმობითი სულისკვეთება იგრძნობდა. დავაყენეთ სამი პირობა დიალოგისთვის: შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა და გამოლაგდნენ პოლიციელები, შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები და დავაბრუნოთ კარვები. ამ პირობებზე ველოდებით მათგან პასუხი. მათ გვითხრეს, რომ არ შეუძლიათ ამ მომენტში პასუხი გაგვცენ. მათ პასუხზე ვართ დამოკიდებული… ამის შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით“, – თქვა „რიონის ხეობის“ მცველმა.
კმაყოფილია მოლაპარაკებით ვარლამის დედაც, მარიტა მუსელიანი. მისი თქმით, პირველად დაუშვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა [ჰიპოთეზის სახით] შესაძლებლობა, რომ ჰესი არ აშენდეს.
რიონის ხეობაში მიმდინარე პროტესტი უკვე 138-ე დღეა გრძელდება – ჰესის მოწინააღმდეგეები დღედეღამ გუშაგობენ ხეობას.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333 მვ) და ზემო ნამახვანი (100 მვ). კასკადის წლიური გამომუშავება – 1,500.00 გგვტ/სთ, რაც საქართველოს წლიური მოხმარების 12%-ია.
მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა
p. s. დღეს ნაშუადღევს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია „ენკა“ ნამახვანჰესის პროექტის არსებულ კვლევებს გადასცემს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნა.
საბჭოს შემადგენლობაში არიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის, ორგანიზაციები: „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „მწვანეები“, „განახლებადი ენერგიების ასოციაცია“ და სხვა.
საბჭოს სრული სია ასეთია:
- გურამ ნიკოლაშვილი, ჰიდროალიანსი
- დავით მირცხულავა
- რევაზ არველაძე
- არჩილ მოწონელიძე
- პაატა ცინცაძე
- ლეონტინა გალდავა
- გრიგოლ ხელიძე
- ივანე ნონიევი
- მალხაზ მიმინოშვილი
- ედიშერ კაცაძე
- ნინო ჩხობაძე
- აკაკი ფანჩულიძე
- მედგარ ჭელიძე
- იოსებ ცაბაძე
- ნიკოლოზ ინაშვილი
- ომარ ქუცნაშვილი
- თამაზ ჭელიძე
- ნინო წერეთელი
- ალექსანდრე მირცხულავა
- ზურაბ გორჯოლაძე
- ბაადურ უკლება
- ანზორ ჭითანავა
- თეა გოდოლაძე
სახელმწიფომ ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიას დამატებითი კვლევების ვალდებულებაც დააკისრა, თუმცა ისინი ჯერ არ დასრულებულა.
კომენტარები