საზოგადოებასაქართველო

„იმ ღამეს შეიძლებოდა აგვეცილებინა ეს სისხლიანი ტრაგედია, მაგრამ ვერ შევძელით…“ – ილია II

დღეს 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. იმავე წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მათი სულების მოსახსენებლად გადახდილი პანაშვიდის დროს ბრძანა, რომ ეს დღე არის გლოვის დღე, მაგრამ ამავე დროს – ზეიმისა და ჩვენი სულიერი ამაღლების დღეც.

„ჭეშმარიტად ასეა, იმიტომ რომ ჩვენ ვგლოვობთ მათ გარდაცვალებას, იმ ტრაგიკულ ღამეს, მაგრამ ზეიმი და სულიერი ამაღლება მდგომარეობს იმაში, რომ მაშინ გამოვლინდა ის, რაც არის მთავარი ერის ცხოვრებაში – სურვილი და უნარი სიცოცხლის გაღებისა, თავგანწირვისა ერისა და მოყვასისათვის. აი, ეს არის ალბათ მთავარი, რის გამოც კათოლიკოს-პატრიარქმა ამ დღეს უწოდა ამაღლების დღე“, – ბრძანა დღეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე.

გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ ფეისბუქგვერდმა სოციალურ ქსელში  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 2006 წლის 9 აპრილის ქადაგებიდან ამონარიდი გაავრცელა, სადაც პატრიარქი იმ საშინელ დღეს იხსენებს:

„მახსენდება ის უმძიმესი ღამე, როცა ეს მოხდა. თენდებოდა კვირა დღე… მივედი იქ და ვხედავდი, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყებოდა ეს საშინელი მკვლელობა.

თქვენ იცით და არაერთხელ უჩვენებიათ ტელევიზიითაც, რომ მივმართე ხალხს, შესულიყო ტაძარში. უმრავლესობამ იყვირა, არაო…

ვუყურებდი იმ საშინელებას და, სამწუხაროდ, ვერაფრით ვშველოდი, ზოგი გარბოდა, ზოგი მართლაც შევიდა ქაშუეთის ტაძარში, შემდეგ დღეებში მოდიოდნენ და მადლობას მეუბნებოდნენ, ჩვენ გადავრჩით, რადგან ტაძარში შევედითო.

მახსენდება 9 აპრილის კვირა დილა, როცა იწყებოდა წირვა და სიონის ტაძარში მყოფი ხალხი ხმამაღლა ქვითინებდა.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ სულებს, მათ ღვაწლს, ისინი გარდაიცვალნენ, შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას.

ჩვენ დღეს შევასრულებთ პანაშვიდს მათი სულებისათვის. ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე არის დიდი მადლი ღვთისა…

იმ ღამეს შეიძლებოდა აგვეცილებინა ეს სისხლიანი ტრაგედია, მაგრამ ვერ შევძელით… ასევე მახსენდება – უცნობი ახალგაზრდების დიდი ჯგუფი შემომეხვია გარშემო, ფიქრობდნენ, რომ შეიძლება სროლაც დაწყებულიყო და გვერდიდან არ მცილდებოდნენ. ვეუბნებოდი, წასულიყვნენ, მაგრამ ისინი მაინც იდგნენ და თავიანთი მკერდით იცავდნენ საქართველოს პატრიარქს, ღმერთმა დალოცოს ის ადამიანები!

ღმერთმა ინებოს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ იყოს საქართველოში; ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენში და ყოველი ჩვენგანი ღირსი გახდეს სასუფევლისა“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close