საზოგადოება

„ბოლო გავდივარ“ – მაია ასათიანი RUSTAVI 2-ს ტოვებს. რა მიზეზს ასახელებს ჟურნალისტი და რას პასუხობს ტელეკომპანია (ვიდეო)

მაია ასათიანი „რუსთავი 2-ს“ ტოვებს. გადაცემა „პროფილი“  25 მარტს ბოლოჯერ გავიდა ეთერში.

„მე დღეს აქ, ამ არხზე, ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ, ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ, დღეს ბოლო „პროფილია“, – ამბობს მაია ასათიანი პრომოვიდეოში, რომელიც ტელეწამყვანმა თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

Rustavi 2ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ჟურნალისტ მაია ასათიანს ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, „პროფილის“ დახურვა ტელეკომპანიის ინიციატივით არ მომხდარა, ავტორმა თავად მიიღო გადაწყვეტილება.

სალიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა „პროფილის“ ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და, მათ შორის, „პროფილის“ შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

„პროფილის“ დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა – „შორენას ეფექტი“.

მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედავად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა „პროფილის“ შემოქმედებითი ჯგუფი, ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

„რუსთავი 2“ წარმატებას უსურვებს „პროფილის“ შემოქმედებით ჯგუფს.

ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი“, – წერს სალია.

მაია ასათიანის სამომავლო გეგმები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close