„12 წლის ვიყავი, როდესაც დედა დავკარგე“, – პრინცი ჰარი კოვიდის გამო დაობლებულ ბავშვებს ამხნევებს
პრინცი ჰარი ამხნევებს ბავშვებს, რომლებმაც კოვიდ-19-ის გამო მშობლები დაკარგეს. ეს ის მწარე რეალობაა, რომელშიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უამრავი ბავშვი აღმოჩნდა მთელ მსოფლიოში. სასექსის ჰერცოგი ცნობილი საბავშვო მწერლის, კრის კონოტონის ახალ წიგნის – „საავადმყოფო გორაკთან“ (“Hospital by the Hill”) წინასიტყვაობაში საუბრობს საკუთარ განცდებზე, როდესაც დაობლდა – დედამისი, პრინცესა დაიანა, როგორც ცნობილია, 1997 წელს პარიზში ავტოკატასტროფაში მოყვა და დაიღუპა. ჰარი მაშინ 12 წლის იყო. ამის შესახებ The Times-ი წერს.
„როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, დედა დავკარგე. იმ მომენტში აბსოლუტურად უარი ვთქვი, რომ ეს დამეჯერებინა, არ მინდოდა ამ ინფორმაციის აღქმა და ამ ყველაფერმა დიდი სიცარიელე დატოვა ჩემს სულში. კარგად მესმის, რასაც ახლა გრძნობთ და გარწმუნებთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს სიცარიელე კვლავ სიყვარულითა და მხარდაჭერით შეივსება“, – წერს 36 წლის ბრიტანელი პრინცი კონოტონის წიგნის წინასიტყვაობაში და ბავშვებს არწმუნებს, რომ მშობლები ყოველთვის მათ გვერდით დარჩებიან, მხოლოდ მათი ჩახუტებაა შეუძლებელი.
„როდესაც მშობლები სამოთხეში მიდიან, მათი სულები, მათი სიყვარული და ჩვენი მოგონებები არსად ქრება. თქვენი მშობლები სამუდამოდ თქვენთან დარჩებიან“, – არწმუნებს პატარა ობლებს პრინცი ჰარი და დიდ იმედებს ამყარებს კრისის წიგნზე. მას სურს, რომ ბავშვებმა, რომლებიც მშობლების დაკარგვის გამო თავს უბედურად და მარტოსულად გრძნობენ, იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და უფრო შეუმსუბუქდებათ ტკივილი, თუ თავიანთ განცდებზე ისაუბრებენ.
კრის კონოტონის ახალ წიგნში „საავადმყოფო გორაკთან“ მოთხრობილია მოზარდ ბიჭზე, რომლის დედაც საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა კორონავირუსის პანდემიის დროს, დაავადდა და გარდაიცვალა.
წიგნი ახლახან გამოვიდა, 23 მარტის წინ, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებლები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ კორონავირუსით ინფიცირების გამო გარდაცვლილთა ხსოვნას. The Times-ი აღნიშნავს, რომ ზუსტად ერთი წლის წინათ, გასული წლის 23 მარტს გამოცხადდა ბრიტანეთში პირველი საერთოეროვნული კარანტინი.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები