კრიმინალისაქართველო

შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ ორი პირი დააკავა

შატილის გზაზე გასული წლის 23 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ადამიანი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი: 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აცხადებენ შსს-ში.

შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან  2020 წლის 23 აგვისტოს მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

შატილი-თბილისის გზაზე 2020 წლის 23 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილი ავტომობილი

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი – 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე – 1966 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close