საზოგადოებასაქართველო

ვინ არიან შატილის გზაზე გარდაცვლილები – ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე კი 3 ადამიანი სიკვდილს ებრძვის, არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია (პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, რომელიც მან რამდენიმე საათის წინ გააკეთა, შატილის გზაზე დაშავებულ სამივე პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება. მისი თქმით, კლინიკაში შეყვანისას სამივე პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, ახლა კი, სტაბილურია. – nostal.ge).

ერთ-ერთი გარდაცვლილი ნუცა ყანადაშვილია, რომელიც ხევსურეთის ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად გარდაიცვალა ნუცას დედაც.

ნუცა ყანადაშვილი

უბედურ შემთხვევას ასევე ემსხვერპლნენ დები, ხათუნა და ირმა მარუაშვილები.

ხათუნა და ირმა მარუაშვილები

კიდევ ერთ გარდაცვლილი ახალგაზრდა, წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდანაა.22 წლის ხატია ზაალიშვილი, თბილისში დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ახლობლების ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტში გოგონას ჩარიცხვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

„სტუდენტი რომ გახდა, თბილისში გადავიდნენ. მამა ისრაელში ჰყავს. ოჯახიც მატანში შექმნა, ორ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს. მოგზაურობა უყვარდა და, ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოშიც მუშაობდა“, – თქვა ახლობელმა „პრაიმტაიმთან“.

ხატია ზაალიშვილი

სოფელ მატანში, ზაალიშვილების საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი გოგონას ბებია და პაპა ცხოვრობენ.

ტრაგედიას ემსხვერპლა 25 წლის დეა დევსურაშვილი, იგი ადგილზე გარდაიცვალა. დეა შატილის საბედისწერო ტურზე დასთან, 23 წლის ხატია დევსურაშვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის.

ჩვენთვის არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია გოგონების ახლო მეგობარიც.

ხატია და დეა დევსურაშვილები

გარდაცვლილებს შორის არის საბედისწერო ტურის გიდი სერგო გორლიუკოვი. 

როგორც გარდაცვლილის მეგობრები Facebook-ზე წერენ, სერგო იყო გამოცდილი, სანდომიანი, თბილი და ყურადღებიანი გიდი, რომელთან ერთადაც მგზავრობა იყო დაუვიწყარი.

სერგო გორლიუკოვი

შატილის გზაზე 23 აგვისტოს მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

სალომე ნეფარიძე

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close