შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ ორი პირი დააკავა
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2021/02/dakaveba-1.jpg)
შატილის გზაზე გასული წლის 23 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ადამიანი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი: 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აცხადებენ შსს-ში.
შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან 2020 წლის 23 აგვისტოს მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2020/08/ტრაგედია.jpg)
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი – 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე – 1966 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები