იტალიაპოლიტიკა

იტალიის ახალ მთავრობას პარლამენტის დეპუტატთა პალატამაც ნდობა გამოუცხადა

იტალიის პარლამენტის დეპუტატთა (ქვედა) პალატამ ახალი პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის მთავრობას გუშინ (18 თებერვალი) გვიან საღამოს ნდობა გამოუცხადა  აბსოლუტურზე გაცილებით დიდი უმრავლესობით. 

მარიო დრაგის მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერა კენჭისყრაში დადებითი პასუხით დააფიქსირა 535-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა 56 დეპუტატი, 5-მა კი თავი შეიკავა.

დეპუტატთა პალატაში კენჭისყრის შედეგი ტაბლოზე; 2021 წლის 18 თებერვალი. Ansa

წინა საღამოს კი, 17 თებერვალს ახალ მთავრობას იტალიის პარლამენტის სენატმა (ზედა პალატა) გამოუცხადა ნდობა, ასევე, ჭარბი უმრავლესობით.

ასე რომ, იტალიის პარლამენტის მხრიდან ახალ სამთავრობო გუნდს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია აქვს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების თანახმად, ახალ მთავრობას იტალიელთა 63% ენდობა.

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, „სუპერმარიოს“ და „ევროს გადამრჩენლის“ მეტსახელით ცნობილმა მარიო დრაგიმ (რომლის გვარიც – Draghi – იტალიურად „დრაკონებს“ ნიშნავს), იტალიაში შექმნილი სამთავრობო კრიზისის განსამუხტავად 3 თებერვალს რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთგან მიიღო შეთავაზება, ახალი მთავრობა ჩამოეყალიბებინა. მიუხედავად იმისა, რომ დრაგის პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება არ გააჩნია, იგი დათანხმდა „ფართო მთავრობის“ შექმნას და კონსულტაციები დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან. კონსულტაციები წარმატებით დასრულდა (დრაგის მთავრობას ძირითადი პარტიებიდან მხარი არ დაუჭირა მხოლოდ ჯორჯა მელონის „იტალიის ძმებმა“, რომელიც რეიტინგით მესამე პოზიციაზეა იტალიის პოლიტიკურ სპექტრში). დრაგიმ ახალი მინისტრთა კაბინეტი დაასახელა, 23 მინისტრის შემადგენლობით, საიდანაც 8 ქალია, 15 – მამაკაცი. პოსტი შეინარჩუნა კონტეს მთავრობის 7-მა მინისტრმა (მათ შორის, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა ლუჯი დი მაიომ და შს მინისტრმა, უპარტიო ლუჩანა ლამორჯეზემ). 23 მინისტრიდან 15 – პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია, 8 კი – უპარტიო, სხვადასხვა შესაბამისი სფეროს მაღალი დონის „ტექნიკური“ სპეციალისტი.

18 თებერვალს პარლამენტის დეპუტატთა პალატაში კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას მარიო დრაგიმ ხაზგასმით აღნიშნა კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინვესტორების, მათ შორის, უცხოელების მოზიდვა იტალიის რეგიონებში. ამასთან დაკავშირებით მან სახელმწიფო მმართველობის სისტემის გამარტივებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close