fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიის პარლამენტის სენატმა მარიო დრაგის სამთავრობო კაბინეტს ნდობა გამოუცხადა

დეპუტატთა პალატაში ნდობის ვოტუმის კენჭისყრა დღეს, დღის ბოლოს გაიმართება

იტალიის პარლამენტის სენატმა (ზედა პალატა) მარიო დრაგის ახალ სამთავრობო კაბინეტს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ სენატის პრესსამსახურმა 18 თებერვალს დილით გაავრცელა განცხადება.

ახალ სამთავრობო კაბინეტს, იტალიის ეროვნული ბანკის და ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, მარიო დრაგის მეთაურობით, 262-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 40 წინააღმდეგი წავიდა, ორმა კი თავი შეიკავა.

სენატში ნდობის ვოტუმის კენჭისყრა აუცილებელი პროცედურაა პარლამენტის დეპუატთა (ქვედა) პალატის მიერ მთავრობის შემადგენლობის საბოლოო დამტკიცებამდე.

სანამ სენატში კენჭისყრის პროცედურა დაიწყებოდა, ახალი პრემიერ-მინისტრი საპროგრამო სიტყვით გამოვიდა და სენატორებს თავისი კაბინეტის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, როგორიცაა: პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, დაზარალებული ეკონომიკის აღდგენა, ტექნოლოგიური განვითარება, განათლება, ეკოლოგიური ტრანსფორმაცია და მწვანე ეკონომიკა. დრაგიმ ხაზი გაუსვა, აგრეთვე, ერთგულებას ევროპული და ტრანსატლანტიკური ალიანსების მიმართ.

დეპუტატთა (ქვედა) პალატაში დებატები დღეს დილიდან დაიწყო და საღამომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც  მთავრობის ახალი კაბინეტის ნდობის ვოტუმის კენჭისყრა გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მარიო დრაგის ახალ სამთავრობო კაბოინეტს იტალიის მოსახლეობის 63% ნდობას უცხადებს. ასეთია Bidimedia-ს გამოკითხვის შედეგი, რომელიც 17 თებერვალს, სენატში კენჭისყრამდე გამოქვეყნდა. ანუ ნდობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ჯუზეპე კონტეს ორივე მთავრობის (2018-2021) მიმართ (ქვეყნისთვის ყველაზე კრიზისულ მომენტებში კონტეს მთავრობებს მოსახლეობის მესამედი უჭერდა მხარს).

ერთი მხრივ, ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ ახლ მთავრობაში თითქმის ყველა ძირითადი პარტიის წარმომადგენლები შედიან. როგორც ცნობილია, მხოლოდ ჯორჯა მელონის „იტალიის ძმებმა“ დაიცვა ბოლომდე თავისი პრინციპული პოზიცია, რომ არასდროს შექმნიდა კოალიციას მემარცხენეებთან და პოპულისტებთან, და მარიო დრაგის მთავრობას მხარი არ დაუჭირა (აღსანიშნავია, რომ Bidimedia-ს ზემოხსენებული გამოკითხვის თანახმად, „იტალიის ძმების“ რეიტინგი 15,7%-ია და ის ამ მაჩვენებლით მესამე ადგილს იკავებს სალვინის  „ლიგის“ – 23,5% და ძინგარეტის დემოკრატიული პარტიის – 20,5% შემდეგ). მეორე მხრივ, იტალიელები დაიღალნენ მუდმივი შეზღუდვებით და კრიზისით და ახალი მთავრობისგან სასიკეთო სიახლეებს ელოდებიან. რამდენ ხანს შენარჩუნდება ეს რეიტინგი და როგორ გამართლდება იტალიელი ამომრჩევნების მოლოდინები, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close