განქორწინებათა რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება – სტატისტიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, საქართველოში განქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა. ამასთან, 2018-2019 წლების მონაცემებით, განქორწინებული წყვილების უმეტესობა 4-წლიანი ან უფრო ხანმოკლე ქორწინების შემდეგ დაშორდა ერთმანეთს.
2019 წელს განქორწინების 11 205 შემთხვევა აღრიცხეს, რაც 2018 წელთან შედარებით (10 288) 917-ით მეტია. მათგან ყველაზე მეტი, 3 662 წყვილი ქორწინებაში 4 წლის ან ნაკლები დროის განმავლობაში იყო.
ირკვევა, რომ თითქმის ერთნაირია იმ წყვილთა რაოდენობა, რომელთაც 20 ან მეტწლიანი ქორწინება აკავშირებდათ (2 556 განქორწინება) და მათი – ვინც ქორწინებაში 5-9 წელი იყვნენ (2 570 განქორწინება).
ამასთან, საქსტატის მონაცემები ცხადყოფს, რომ 2019 წელს, 2018-თან შედარებით, განქორწინებათა რაოდენობა ქორწინების ყველა ხანგრძლივობის შემთხვევაში გაზრდილია.
ამასთან, 2005 წლის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება განქორწინებათა რაოდენობა. გამონაკლისი იყო 2015 წელი (9112), როდესაც წინა წელთან (9119) შედარებით განქორწინების 7-ით ნაკლები შემთხვევა აღირიცხა.
კომენტარები