fbpx
ისტორიამსოფლიო

ოთხი წლის გოგონამ 220 მლნ წლის წინანდელი დინოზავრის ნაფეხური აღმოაჩინა

ოთხი წლის გოგონამ პალეონტოლოგთა ნამდვილი გაოცება გამოიწვია, რადგან მან 220 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ნაფეხური აღმოაჩინა, რომელიც ბრწყინვალედ არის შემონახული.

ლილი ვაილდერმა კლდეში შერჩენილი ნაკვალევი 23 იანვარს, სამხრეთ უელსში (დიდი ბრიტანეთი) აღმოაჩინა, როდესაც პლაჟის გავლით მამასთან და ძაღლთან ერთად სუპერმარკეტში მიდიოდა.

„დაბალი ლოდი იყო, ლილის მხრებამდე სწვდებოდა. ნაკვალევი შენიშნა და მამამისს მიუბრუნდა: „შეხედე, მამიკო“. ის ნამდვილად აღფრთოვანებულია, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რამდენად საოცარი რამ აღმოაჩინა“, – განუცხადა NBC News-ს გოგონას დედამ.

თავიდან ოჯახმა იფიქრა, რომ 10 სმ სიგრძის ანაბეჭდი ლოდზე რომელიღაც ხელოვანის მიერ იყო ამოჭრილი.

თუმცა დედამისს ახსოვდა, რომ მსგავსი ნაფეხური ამ სანაპიროზე ადრეც იყო ნაპოვნი და აღმოჩენის შესახებ სოციალურ მედიაში დაპოსტა.

„ფეისბუქზე ნამარხების იდენტიფიცირების გვერდი ვიპოვე და იქ დავპოსტე. ხალხი ცოტა გადაირია“, – აღნიშნავს გოგონას დედა.

სულ მალე ვაილდერების ოჯახს უელსის ეროვნული მუზეუმი დაუკავშირდა, ანაბეჭდი ამოიღეს და მუზეუმში წაიღეს.

ექსპერტთა აზრით, ნაფეხური დიდი ალბათობით ეკუთვნის დინოზავრს, რომელიც სიმაღლეში 75 სმ იყო, სიგრძეში კი – 2,5 მეტრი და წინა ორ ფეხზე დადიოდა.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ზუსტად რომელი ტიპის დინოზავრს ეკუთვნის ნაკვალევი, მაგრამ ექპერტთა აზრით, ეს უნდა იყოს გრალატორი.

უელსელი მეცნიერები გოგონას აღმოჩენას ყველაზე შთამბეჭდავს უწოდებენ ბოლო ათწლეულში ბრიტანეთში აღმოჩენილ 215 მლნ წელიწადზე ძველ ნაფეხურებს შორის.

„ნაკვალევი ბრწყინვალე და აბსოლუტურად ხელუხლებელია. ვიტყოდი, რომ მისი მნიშვნელობა საერთაშორისოა და სწორედ ამიტომ წაიღო ის მუზეუმმა თავის საცავში. დავამატებდი იმასაც, რომ ეს გახლავთ ბრიტანეთში გასული 10 წლის განმავლობაში აღმოჩენილი დინოზავრის საუკეთესო ნაფეხური“, – ამბობს ორგანიზაცია Archeology Cyrmu-ს მკვლევარი კარლ ჯეიმს ლანგფორდი.

ოჯახის განცხადებით, აღმოჩენის შემდეგ ოთხი წლის გოგონას დინოზავრების მიმართ ინტერესი გაუღვივდა და დინოზავრების სათამაშოებისა და მოდელების კოლექციით თამაშობს.

კარდიფის ეროვნული მუზეუმის განცხადებით, რომელიც ამჟამად COVID-19-ის პანდემიის გამო დაკეტილია, გახსნის შემდეგ ლილი და მისი კლასელები მუზეუმში არიან დაპატიჟებულები.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close