იტალიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორჯერ აღემატება შობადობის მაჩვენებელს – ISTAT
ბოლო 150 წლის განმავლობაში, გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა; ორჯერ შემცირდა სამოქალაქო, ხოლო 69%-ით – რელიგიური ქორწინებების რიცხვი
2020 წელს იტალიაში 725 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესამჩნევად გაიზარდა 2019 წელთან შედარებით. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (Istat) განაცხადეს.
გასულ წელს დღეში საშუალოდ 1990 ადამიანი კვდებოდა, ეს 223-ით მეტია, ვიდრე ბოლო 5 წლის ანალოგიური მაჩვენებლები. ეს „მატება“ არითმეტიკულად შეესაბამება კორონავირუსის სტატისტიკას (2020 წელს იტალიაში კოვიდ-19-ით დღეში საშუალოდ 200-მდე ადამიანი იღუპებოდა).
იტალიაში 2020 წელს დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 400 ათასზე ნაკლებია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 150 წლის განმავლობაში, – ასეთია Istat-ის წინასწარი მონაცემი.
ამ რიცხვებზე საუბრობს Istat-ის დირექტორი ჯან კარლო ბლანჯიარდო (Gian Carlo Blangiardo) ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში „პირველადი დასკვნები და შეფასებები 2020 წლის დემოგრაფიულ ბალანსთან დაკავშირებით“. თავად ანგარიში უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.
„ბოლო 100 წლის განმავლობაში 700 000-იან ზღვარს სიკვდილიანობის წლიურმა მაჩვენებელმა მხოლოდ 1920 წელს და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გადააჭარბა“, – აღნიშნავს ბლანჯიარდო.
მისივე თქმით, ტერიტორიულ დონეზეც, პანდემიის შედეგად სიკვდილიანობის წილი „მნიშვნელოვნად შეიცვალა“ – ადამიანური სიცოცხლის ყველაზე დიდი დანაკარგი ჩრდილოეთმა განიცადა.
თუ 2020 წლამდე იტალიის სამ ძირითად ნაწილში – ჩრდილოეთში, ცენტრსა და სამხრეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების შემთხვევათა საერთო რაოდენობის 47%, 20% და 33% იყო (შესაბამისად), 2020 წელს ჩრდილოეთის წილი თითქმის 4%-ით გაიზარდა და საერთოეროვნული მაჩვენებლის ნახევარს (50,5%) მიაღწია, მაშინ როდესაც ცენტრალურ იტალიაში პროცენტული წილი 1,3 ბალით შემცირდა, ხოლო სამხრეთში – 2,4 ბალით.
სიკვდილიანობის ზრდისა და შობადობის შემცირების შედეგად, პირველად გაერთიანებული იტალიის ისტორიის 150 წლის განმავლობაში, ბუნებრივი ბალანსის (სხვაობა შობადობისა და სიკვდილიანობის წლიურ მაჩვენებლებს შორის) უარყოფითმა მაჩვენებელმა 300 ათას ერთეულს გადააჭარბა (300 ათასი დაფიქსირდა „კატასტროფულ“ 1918 წელს, როდესაც გარდაცვალების 1,3 მლნ დარეგისტრირებული შემთხვევიდან დაახლოებით ნახევარი „ისპანკამ“ განაპირობა).
Istat-ის მონაცემებით, გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, ორჯერ შემცირდა სამოქალაქო ქორწინებების, ხოლო 69%-ით – რელიგიური ქორწინებების რიცხვი.
იტალია რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას და მისი მოსახლეობის საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, ეს ამბავი ახალი არ არის, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები