იტალიაპოლიტიკა

მარიო დრაგი იტალიის ახალ მთავრობას შექმნის – კვირინალეს საპრეზიდენტო სასახლის ოფიციალური განცხადება

კონტე ახალ მინისტრთა კაბინეტში არ იქნება?

იტალიის ცენტრალური ბანკის და ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, 73 წლის მარიო დრაგის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა. პროფესორმა დრაგიმ შეთავაზება მიიღო, – ამის შესახებ კვირინალეს საპრეზიდენტო სასახლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 3 თებერვალს საპრეზიდენტო კანცელარიის მდივანმა უგო ძამპეტიმ გაახმოვანა. 

დღეს, 12 საათზე მატარელამ თავის რეზიდენციაში მიიღო დოქტორი მარიო დრაგი. მათი შეხვედრა საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

„მადლობას ვუხდი რესპუბლიკის პრეზიდენტს ჩემ მიმართ გამოხატული ნდობისთვის. ეს რთული მომენტია“, – განაცხადა დოქტორმა დრაგიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „პანდემიაზე გამარჯვება, ვაქცინაციის კამპანიის დასრულება, ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტა, ქვეყნის რესტარტი – ასეთია გამოწვევები“, – აღნიშნა მან. იტალიის პრემიერ-მინისტრობის ახალმა კანდიდატმა გამოთქვა რწმენა, რომ პარტიების, საპარლამენტო ჯგუფების და საზოგადოებრივი ძალების უთანხმოების ნაცვლად შეიქმნება „ერთობა და უნარი, სათანადო პასუხი გაეცეს ამ გამოწვევებს“.

კვირინალეს სასახლის დატოვების შემდეგ მარიო დრაგი ჯერ დეპუტატთა პალატაში გაემართა, შემდეგ კი – სენატში, რათა თავმჯდომარეებისთვის ეცნობებინა, რომ პრეზიდენტ მატარელასგან ახალი მთავრობის ფორმირების დავალება მიიღო.

როგორც ცნობილია, 2 თებერვალს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ რობერტო ფიკომ პრეზიდენტ მატარელას მოახსენა, რომ პოლიტიკურ ძალებმა ვერ შეძლეს უმრავლესობის შექმნა მთავრობის მხარდასაჭერად. გუშინვე სერჯო მატარელამ განაცხადა, რომ მარიო დრაგის დაავალებს მინისტრთა კაბინეტის შექმნას „პირველხარისხოვანი ამოცანების შესასრულებლად“.

დემოკრატიულმა პარტიამ ნიკოლა ძინგარეტის მეთაურობით LEU (Liberi e Uguali, მემარცხენეთა ჯგუფი „თავისუფლები და თანასწორები“) და „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ ვიდეოკონფერენციაზე მიიწვია 19 საათზე (თბილისის დროით – 22 სთ).

„მარიო დრაგის დანიშვნით ახალი ეტაპი იწყება, რასაც შეუძლია ქვეყანა გაურკვევლობიდან გამოიყვანოს, რომელიც უპასუხისმგებლობისა და აბსურდული კრიზისისგან შეიქმნა. მზად ვართ, ამ გამოწვევას ჩვენი იდეები დავუპირისპიროთ, რათა პანდემია შევაჩეროთ“, – განაცხადა დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნიკოლა ძინგარეტიმ. მისი თქმით, დემოკრატიულმა პარტიამ, „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ და LEU-მ კავშირი უნდა შეინარჩუნონ იტალიის მომავალთან დაკავშირებული ერთობლივი წინადადებების საფუძველზე.

ჯუზეპე კონტე არ დაიკავებს მინისტრის პოსტს დრაგის ახალ კაბინეტში – ამის შესახებ „ანსამ“ „5MS“-ის წევრებისგან შეიტყო, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ეს პოზიცია თავად პრემიერ-მინისტრისგან მოისმინეს. კიჯის სასახლის წყაროები ამ ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

„5 ვარსკვლავის მოძრაობა“, თავის მხრივ, არ აპირებს ევროპის ცენტრობანკის ექსპრეზიდენტის, მარიო დრაგის კანდიდატურის მხარდაჭერას იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, – ამის შესახებ 3 თებერვალს „მოძრაობის“ლიდერმა ვიტო კრიმიმ განაცხადა. მისი აზრით, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. 

იტალიური მედია კი ვარაუდობს, რომ დრაგის კანდიდატურასთან დაკავშირებით „5 ვარსკვლავის მოძრაობაში“ ერთსულოვნება არ იქნება და დეპუტატთა ნაწილი პარტიის ხაზის წინააღმდეგ მისცემს ხმას, ამის შემდეგ ისინი პარტიას დატოვებენ და ფრაქციიდან 2019-2021 წლებში უკვე გასულ დეპუტატებს შეუერთდებიან.

მარიო დრაგის კანდიდატურის გამოჩენამ კი უკვე მოიტანა დადებითი შედეგი – დღეს მილანის საფონდო ბირჟა მკვეთრი ზრდით გაიხსნა – Ftse Mib-მა 2,95%-იანი ზრდა დააფიქსირა, 22733 პუნქტამდე.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close