იტალიაპოლიტიკა

რატომ შეარქვეს „სუპერ მარიო“ – იტალიის პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის შთამბეჭდავი ბიოგრაფია

იტალიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, პროფესიით ეკონომისტს, 73 წლის მარიო დრაგის (Mario Draghi), რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ 3 თებერვალს მთავრობის ფორმირება დაავალა, შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს.

მარიო დრაგი 1947 წლის 3 სექტემბერს დაიბადა რომში (იტალია). 1970 წელს რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტი დაამთავრა, 1977 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო ეკონომიკის სფეროში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (აშშ). იგი პირველი იტალიელი იყო, რომელმაც ამ უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

1975-1981 წლებში იგი იყო ტრენტოს, პადუის და ვენეციის უნივერსიტეტების პროფესორი ეკონომიკის განხრით.

1981-1991 წლებში იგი ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორია ეკონომიკისა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხრით.

1984–1990 წლებში დრაგი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი იყო.

1991-2001 წლებში იგი იტალიის ხაზინას ხელმძღვანელობდა, იმავდროულად, 1993-2001 წლებში, იყო იტალიის პრივატიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

დრაგიმ ცენტრალური როლი შეასრულა იტალიის სახელმწიფო ვალის და ყოველწლიური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაში, აგრეთვე, პროცენტული განკვეთებისა და ვალუტების გაცვლითი კურსების სტაბილიზაციაში. სწორედ ამის წყალობით მიიღო იტალიამ 1999 წელს ევროპის სავალუტო კავშირში მონაწილეობის უფლება. იტალიის სუსტი ეკონომიკური ინსტიტუტების რეფორმამ, რომელიც დრაგიმ განახორციელა, მოუტანა მას მეტსახელი „სუპერ მარიო“ (ვიდეოთამაშ Nintendo-ს გმირი).

2002-2005 წლებში იგი იყო Goldman Sachs International-ის ვიცე-თავმჯდომარე და მმართველი დირექტორი.

2005 წელს დრაგიმ იტალიის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. იტალიის ცენტრალური ბანკის მმართველის რანგში იგი იყო ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრი.

2011 წელს ევროზონის მონაწილე ქვეყნების სამიტზე მარიო დრაგი ევროპის ცენტრალური ბანკის (ეცბ) პრეზიდენტად აირჩიეს. იგი ოფიციალურად 2011 წლის ნოემბერში შეუდგა თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

დრაგი ევროპის ცენტრობანკის პრეზიდენტი ევროზონის გაცხარებული სავალო კრიზისის დროს გახდა, რომელიც 2009 წელს დაიწყო საბერძნეთში სახელმწიფო ობლიგაციების კრიზისით, შემდეგ კი, პრაქტიკულად, მთელი ევროზონა მოიცვა – ბევრ ქვეყანას აღარ შეეძლო თავისი სახელმწიფო ვალის რეფინანსირება შუამავლების გარეშე, რის გამოც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა თავად ევროზონის არსებობა. სწორედ მაშინ მარიო დრაგიმ პირობა დადო, რომ „გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა“, რათა ეს არ მოხდეს.

მისი ხელმძღვანელობით რეგულატორმა დაიწყო რეფინანსირების შემცირება. 2012 წლის თებერვალში ინიცირებული იყო მეორე, უფრო დიდი, ხანგრძლივვადიანი რეფინანსირების ოპერაცია (LTRO). 2015-2018 წლებში რეგულატორმა მარიო დრაგის ხელმძღვანელობით რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკა (QE) გაატარა, რომელმაც, ექსპერტების შეფასებით, ხელი შეუწყო ევროპაში დაკრედიტების განახლებას და მთავრობებს საშუალება მისცა, შეემცირებინათ  სავალო დატვირთვა. 2018 წლის სექტემბერში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა QE-ს პოლიტიკა განაახლა და საპროცენტო განაკვეთები რეკორდულად დაბალ დონეზე –  0,5%-ზე დაიყვანა. კრიტიკოსების თქმით, მიღებული ზომები ევროპის ცენტრობანკის მანდატის ფარგლებს გასცდა, თუმცა დროთა განმავლობაში ცხადად გამოჩნდა, რომ სწორედ ამ ნაბიჯების წყალობით გახდა შესძლებელი ევროზონის შენარჩუნება, თავად მარიო დრაგიმ კი „ევროს გადამრჩენლის“ არაოფიციალური ტიტული დაიმსახურა.

მარიო დრაგის უფლებამოსილება ეცბ-ის პრეზიდენტის პოსტზე 2019 წლის 31 ოქტომბერს დამთავრდა. პირველ ნოემბერს იგი კრისტინ ლაგარდმა შეცვალა.

მარიო დრაგი, აგრეთვე, მუშაობდა რამდენიმე ბანკსა და კორპორაციაში (Eni, IRI, BNL и IMI), იყო პრინსტონის (აშშ) პერსპექტიული კვლევების უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბრუკინგსის უნივერსიტეტის საპატიო მეურვე და ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ ფ. კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრი.

მარიო დრაგი არის  როკფელერის ფონდის მიერ დაარსებული 30-ის ჯგუფის (G30) წევრი, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ და ფინანსურ ლიდერებს სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან და სამეცნიერო წრეებს.

მარიო დრაგი არის ორდენის კავალერი „იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ (1991), დიდი ჯვრის ორდენის კავალერი „იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ (2000).

2014 წელს მარიო დრაგიმ მე-8 ადგილი დაიკავა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში ჟურნალ Forbes-ის ვერსიით.

მას ჰყავს მეუღლე – მარია სერენა კაპელო (რომელიც ტოსკანის დიდი ჰერცოგის, ფრანჩესკო მედიჩის მეუღლის, ბიანკა კაპელოს შთამომავალია) და ორი შვილი: ქალიშვილი – ფედერიკა და ვაჟი – ჯაკომო.

მარიო დრაგი მეუღლესთან ერთად
ფედერიკა დრაგი, ფოტო ლინკედინიდან
ჯაკომო დრაგი

პოლიტიკური კარიერის შექმნას მარიო დრაგი არ განიხილავდა, იგი ამბობდა, რომ ეკონომისტია და არა პოლიტიკოსი, თუმცა კვირინალეს სასახლეში 3 თებერვალს რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იგი დათანხმდა მატარელას შეთავაზებას და ახალი მთავრობის ფორმირება თავის თავზე აიღო.

იმ ფონზე, რომ სამთავრობო კრიზისი ევროკავშირის მიერ იტალიისთვის კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად გამოყოფილი 209 მილიარდი ევროს დახარჯვას შეეხება, უაღრესად გამოცდილი ეკონომისტისა და ფინანსისტის, მარიო დრაგის კანდიდატურა ოპტიმალური ჩანს. იტალიას სჭირდება მკაფიო გეგმა, როგორ გაანაწილებს ამ თანხას ეკონომიკის აღსადგენად და ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.

თუმცა იტალია საპარლამენტო რესპუბლიკაა და მარიო დრაგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე და მისი ახალი სამთავრობო კაბინეტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება კი ადვილი ამოცანა არ არის. აქ ერთი პრობლემა ისაა, რომ მარიო დრაგი „ტექნოკრატია“ (M5S-ის ლიდერის, ვიტო კრიმის თქმით, „ტექნოკრატი ქვეყნისთვის კარგი ვარიანტი არ არის… მმართველობის ასეთი ტიპი უკვე იყო გამოყენებული წარსულში და იტალიელი მოქალქეებისთვის მაქსიმალურად უარყოფითი შედეგებით დასრულდა“).

ექსპერტების აზრით, სწორედ „5 ვარსკვლავის მოძრაობისა “ და „ლიგის“ პოზიციაზეა დამოკიდებული დრაგის მთავრობის ბედი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close