პოლიტიკასაქართველო

ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს აქტივისტებმა ურნით ნაგავი თავზე დააყარეს

ბათუმში 23 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ბათუმელები ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის აშენების ნებართვის გაცემას აპროტესტებენ, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს – ირაკლი ჩავლეიშვილის თავზე ნაგავი დააყარეს.

ბულვარში გამართულ აქციაზე მივიდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი, სადაც მას ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. აქცია ირაკლი ჩავლეიშვილმა პოლიციის თანხლებით დატოვა, თუმცა მას „ალტერნატივას“ აქტივისტები ევროპის მოედნამდე გაჰყვნენ და ერთ-ერთმა მათგანმა მას ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი გადააყარა.

„ნაგვის ყუთში ჩაგდებას, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის თავზე დაყრა ვამჯობინეთ (წნევიანი კაცია მაინც). ყველა მოღალატეს იგივე ბედი ელის, ის ვინც ქართველ ხალხს უღალატებს და საკუთარი კეთილდღეობისთვის კომფორტს ამჯობინებს, საკადრის პასუხსაც მიიღებს ქართველი ხალხისგან“,-  წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა“.

ცნობისათვის: დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას „ენმ-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიით იღებდა. ჩავლეიშვილი „ენმ-ძალა ერთობაშიას“ სიაში „რესპუბლიკური პარტიიდან“ მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა „რესპუბლიკური პარტია“ და ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა.

აქციის მონაწილეებს საქციელი მოუწონა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ხაბაზმა. ის მიიჩნევს, რომ თავზე ნაგვის დაყრა ღალატის საპასუხო იყო, – ამის შესახებ კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

„ბათუმელი ელისაშვილი ნაგვის ურნის პირველი კავალერი გახდა. ღალატი არავის ეპატიება“, – წერს კობა ხაბაზი.

დეპუტატის შეურაცხყოფის ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილიც სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა. ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, – წერს სალომე სამადაშვილი.

ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება.

Posted by Salome Samadashvili on შაბათი, 23 იანვარი, 2021

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, ჯელალ ქიქავაც იყო აქტიური სოციალურ ქსელში. მისი ადრესატი არა შერისხული დეპუტატი ჩავლეიშვილი იყო, არამედ მისივე  თანაპარტიელი – სალომე სამადაშვილი.

„სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს, ან დატოვოს ნაცმოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი იქნება თვითონ, თუ ბათუმში ჩამოვა“, – წერს ჯელალ ქიქავა სოციალურ ქსელში.

სალომე სამადაშვილს კიდევ ერთი თანაპარტიელი – ბონდო თედორაძე დაუპირისპირდა – „არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტაროპეროობა“ და ან რამე მსგავსი!“ – დაწერა მან სოცქსელში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ბათუმის საკრებულოს წევრს მირდატ ქამადაძესაც მიაჩნია, რომ თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაში „ჯდება“.

მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობაში“ გამოხატვის თავისუფლების ფორმების შერჩევა-გამოყენებაში ჯერ კიდევ არ არის კონსენსუსი მიღწეული, 23 იანვარს განვითარებული მოვლენები, როგორსჩანს, მხოლოდ პირველი სერია იყო. ყოველ შემთხვევაში, ნამვილად პირველი შემთხვევა იყო, როცა ენმ-ის წევრები ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ.

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ გუშინ ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს, ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოხატვის თავისუფლება კი არა, ძალადობაა.

„არ არის ეს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს ლაპარაკს და სიტყვით აზრის გამოხატვას, ეგ არის გამოხატვის თავისუფლება. ნაგვის თავზე დაყრა არის ჩვეულებრივი ძალადობა. მე ვარ ძალადობის წინააღმდეგი. არ უნდა დაემსგავსო იმას, ვისაც ებრძვი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

თავად ირაკლი ჩავლეიშვილი კი ბათუმში მომხდარ ინციდენტს ასე აფასებს: „დღევანდელ ფაქტს მე როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს“.

ჩავლეიშვილი მომხდარის გამო არ აპირებს, პოლიციას მიმართოს, პასუხისმგებლობას კი „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.

„მე საჯარო პირი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს და ამ ახალგაზრდას, რომელსაც მეტი შეგნება არ აქვს, ციხე გაზრდის? პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც მათ აგულიანებს – ვარშალომიძე, კირთაძე, ანთაძე, ისინი აგზავნიან ამათ. მათ უნდათ, რომ ამაზე ააგონ აჟიოტაჟი. მე, პირადად, ჩივილს არ ვაპირებ, მაგრამ იმიტომ არის პოლიცია და პროკურატურა, რომ ასეთ ხალხს მიხედოს“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

მანანა ბანძელაძე

p. s. ბათუმში, ევროპის მოედანზე 23 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს ირაკლი ფანგანი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ფანგანი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close