ახალი საგამოცდო სისტემა საბერძნეთის მოქალაქეობის მსურველთათვის: როდის და როგორ ჩატარდება გამოცდები
ძველი პრაქტიკა, როდესაც საკითხის განხილვა წლობით გრძელდებოდა, წარსულს ჩაბარდება
საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის გენერალური მდივნის, ათანასიოს ბალერბასის განცხადებით, საბერძნეთის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვების მსურველთათვის წელიწადში ორჯერ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ბერძნული ენის, ისტორიის, კულტურისა და პოლიტიკური ინსტიტუციების გამოცდები. მანამდე გამოქვეყნდება საგამოცდო საკითხების ბაზა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
შესაბამისი სამეცნიერო საბჭო გასული წლის 3 დეკემბერს შეიკრიბა და ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა საგამოცდო თემების შესაქმნელად.
1-ლი თებერვლიდან 31 მარტამდე იმუშავებს სპეციალური ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ კანდიდატები დარეგისტრირებას გამოცდებში მონაწილეობისთვის.
პირველი გამოცდები 2021 წლის მაისში გაიმართება. შესაძლოა, ბევრმა კანდიდატმა ვერ მოასწროს პირველი გამოცდებისთვის მომზადება, მაგრამ ნოემბერში ახალი საგამოცდო ციკლია დაგეგმილი. საერთოდ, გამოცდები წელიწადში ორჯერ გაიმართება ხოლმე.
გასაუბრების ძველი წესი ძალაში იქნება მიმდინარე წლის 31 მარტამდე. კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ბერძნული 9-წლიანი სავალდებულო სწავლების კურსი, ასევე, ლიცეუმის (მე-10 – მე-12 კლასები) და ბერძული სახელმწიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს გამოცდის ჩაბარების ვალდებულება ეხსნებათ.
გენერალური მდივნის განცხადებით, ამიერიდან საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გამჭვირვალე და ბიუროკრატიული წნეხისგან გათავისუფლებული იქნება. ძველი პრაქტიკა, როდესაც საკითხის განხილვა წლობით გრძელდებოდა, წარსულს ჩაბარდება.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები