ქმარმა ალკოჰოლის შესაძენად ფული სხთოვა, უარის შემდეგ კი დანა დაარტყა – ვინ იყო სამტრედიაში მოკლული ქალი
სამტრედიაში ქმარმა ახალგაზრდა ცოლი, ელიზა კალანდაძე მოკლა. გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მათი თქმით, სიძემ ელიზას დანით ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილზე მიატოვა. გარდაცვლილის ცხედარი კი მაზლმა დილით იპოვა.
ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილი ქალი მძიმე ვითარებაზე არ საუბრობდა, შესაბამისად, ოჯახს ინფორმაცია ოჯახური კონფლიქტის შესახებ არ აქვს.
გარდაცვლილი ელიზა კალანდაძის ოჯახში აცხადებენ, რომ დაკავებული სისტემატურად სვამდა და, სავარაუდოდ, დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა.
გარდაცვლილის ძმის განცხადებით, ნასვამმა მამაკაცმა მეუღლეს ალკოჰოლური სასმელის შესაძენად თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი დანა დაარტყა.
ადგილობრივების თქმით, კაცმა ცოლს დანა ესროლა, რომელიც არტერიაში მოხვდა.
ოჯახი დაკავებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.
შსს-ს ინფორმაციით, კაცი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
digest.pia.ge
კომენტარები