საზოგადოებასაქართველო

ფეისბუქჯგუფ „მედგიდში“ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაწევრიანება, კითხვის დასმა და კვალიფიციური პასუხის მიღება ექიმებისგან

სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში „მედგიდი“ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაწევრიანება, კითხვის დასმა და კვალიფიციური პასუხის მიღება, რომელსაც პროფესიონალი ექიმები გასცემენ, – ამის შესახებ ჯგუფ „მედგიდის“ დამფუძნებელმა სოფო ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ჯგუფში ასეულობით ექიმია გაწევრიანებული, რომლებიც ჯგუფის წევრებისთვის დაუზარლად შრომობენ. ჩვენ მხოლოდ კოვიდზე არ ვართ ორიენტირებული. ვფარავთ თითქმის ყველა ნოზოლოგიას, რაც ჯანდაცვის მიმართულებით არის და ვცდილობთ, ჩვენი ჯგუფის ყველა წევრს მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ჯგუფში, მათ შორის, გადაუდებელი კითხვები ისმება, რასაც ჯგუფში გაწევრიანებული ექიმები მყისიერ პასუხებს სცემენ.

სოფო ჯაფარიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში პრობლემაა ამა თუ იმ დაავადების საწინააღმდეგოდ მეზობლების, ნათესავების თუ სხვების რჩევების გათვალისწინება, რაც ხშირ შემთხვევაში ცუდი შედეგებით მთავრდება, ჯგუფის წევრები კი ექიმის კვალიფიციურ რჩევებს იღებენ.

„ჩვენ გვყავს მოდერატორთა ჯგუფი, რომელშიც არიან ექიმები, სტუდენტები და რეზიდენტები. ისინი 24 საათის განმავლობაში არიან მობილიზებულები და ყველას ჩვენ-ჩვენი მიმართულება გვაქვს გადანაწილებული. პირობითად, ორს პედიატრია აქვს გადანაწილებული, ორს გინეკოლოგია, სხვებს დერმატოლოგია და ა.შ. როდესაც კითხვა შემოდის, ექიმთა ჯგუფს აფრთხილებენ, რომ ამა და ამ კითხვაზე მონიშნავენ; შემდეგ, კითხვის ქვეშ წარდგენა ხდება, რომ თქვენ ესა და ეს ექიმი გიპასუხებთ, სადაც სახელი, გვარი და რეგალიებია მითითებული.

ამით ხდება დიფერენცირება, მოქალაქის კითხვას ექიმი პასუხობს თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. აქედან გამომდინარე, ნაკლებია რისკი, რომ პაციენტის მდგომარეობა მეზობლების თუ ბიძაშვილების რეკომენდაციების გათვალისწინებით გართულდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯგუფ „მედგიდის“ დამფუძნებელმა ჯგუფში გაწევრიანებულ ექიმებს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებენ, რადგან ისედაც მძიმე სამუშაო პირობებში ახერხებენ და ჯგუფის წევრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე 24-საათიან რეჟიმში პასუხობენ.

„ისინი სრულიად უანგაროდ გვიდგანან გვერდით. არ მახსოვს, რომელიმე მათგანს უარი ეთქვა ან კითხვაზე პასუხის გაცემაზე, ლაივჩართვაზე, ან ნებისმიერ სხვა აქტივობაზე. ექიმები არა მხოლოდ ჩვენი თხოვნით შემოგვიერთდნენ, არამედ ბევრმა მათგანმა თავად მოგვმართა და თავად გამოთქვა სურვილი, ჩვენი ჯგუფის წევრების გვერდით ყოფილიყვნენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ჯგუფი თვე და ერთი კვირაა, რაც არსებობს და უკვე 70 000-მდე ადამიანს მოიცავს.

„ალბათ, ხვდებით, რამხელა სირთულესთან არის დაკავშირებული ის, რომ სრულად უზრუნველვყოთ ამდენი ადამიანის დაკმაყოფილება, მაგრამ ამას სწორედ ამ ექიმების მხარდაჭერით ვახერხებთ, შეძლებისდაგვარად“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მედგიდის“ ელექტრონული მისამართია https://www.facebook.com/medguidegeo/.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close