ვიდეოnewsიტალია

4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სიცილიაზე (ვიდეო)

„დამნაშავე“ ეტნა ეგონათ, თუმცა ევროპის ყველაზე მაღალ მოქმედ ვულკანს ამჯერად „არაფერი დაუშავებია“

სიცილიაზე 22 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 21:27 სთ-ზე 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ერთ-ერთი სახლის სამეთვალყურეო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოს, რომელზეც კარგად ჩანს, როგორ ზანზარებს მიწა ვიტორიაში (ქალაქი რაგუზის პროვინციაში), საინფორმაციო სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი რაგუზის სანაპიროსთან, აკატედან სამხრეთით, 15 კმ-ის დაშორებით იყო ზღვაში, 30 კმ-ის სიღრმეზე, თუმცა ბიძგები თითქმის მთელ კუნძულს გადასწვდა და პალერმომდე გავრცელდა.

სიცილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრისგან შეშინებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, ბევრმა მათგანმა ღამე მანქანაში გაათია.

სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგად დადგინდა, რომ ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შეტყობინება შევიდა ჯელადან (Gela, კალტანისეტას პროვინცია), სადაც 8-სართულიანი შენობა დაზიანდა.

მეხანძრეებმა დაადასტურეს, რომ ოპერატიულ კაბინეტებში ზარები შევიდა, თუმცა მხოლოდ ინფორმაციის მიღების მიზნით, დაზიანებების გამო დახმარება არავის უთხოვია.

მერებმა თავიანთ დასახლებებსა და ქალაქებში ჩაატარეს შემოწმებები, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

მიწისძვრა იგრძნობოდა აღმოსავლეთ სიცილიის ბევრ მუნიციპალიტეტში, აგრეთვე, კუნძულის დასავლეთ ნაწილის ზოგიერთ რაიონში. ვიტორიაში (რაგუზა) ზოგიერთ სახლში ავეჯი წაიქცა მიწისქვეშა ბიძგების გამო. ასეთი ცნობები გავრცელდა აგრიჯენტოდან, სირაკუზიდან და კატანიიდან. ეტნის სიახლოვეს მდებარე ქალაქ კატანიის მცხოვრებლებმა თავიდან იფიქრეს, რომ ვულკანი ამოიფრქვა და მიწისძვრა ამის შედეგი იყო, თუმცა ევროპის ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანი ამჯერად „უდნაშაულო“ აღმოჩნდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close