მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელში მორიგი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება – მეოთხე ბოლო 2 წლის განმავლობაში

ისრაელში კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. რამდენადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და კოალიციაში მისმა პარტნიორმა „კაჰოლ ლავანმა“ თავდაცვის მინისტრ ბენი განცის ხელმძღვანელობით, ვერ შეძლეს, რომ პარლამენტისთვის ქვეყნის ბიუჯეტი წარედგინათ, 23-ე მოწვევის ქნესეთი (ისრაელის საკანონმდებლო ორგანო) ავტომატურად დათხოვნილია მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების ვადის ამოწურვის გამო.

შესაბამისად, ისრაელი ბოლო 2 წლის განმავლობაში მეოთხე რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებს.

მოსალოდნელია, რომ არჩევნები 2021 წლის მარტში ჩატარდება.

2020 წლის 3 მარტის რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ნეთანიაჰუმ და განცმა გადაწყვიტეს კოალიციური მთავრობა ჩამოეყალიბებინათ, რათა ქვეყანა შექმნილი სამთავრობო კრიზისიდან გამოსულიყო. კოალიციურმა მთავრობამ, ორი კონკურენტის შემადგენლობით, ხელისუფლება მიმდინარე წლის მაისში ჩაიბარა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, პარტიული მოწინააღმდეგეები და კოალიციის მოკავშირეები როტაციის პრინციპზე შეთანხმდნენ – წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ პოსტს ნეთანიაჰუ დაიკავებდა, მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში კი – გენშტაბის ყოფილი უფროსი, „კაჰოლ ლავანის“ („ლურჯი და თეთრი“) ლიდერი, ბენი განცი. ნეთანიაჰუს პოსტზე ყოფნის ვადა მომავალი წლის ნოემბერში ეწურებოდა.

კოალიციურმა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიღწია. ნეთანიაჰუ მოითხოვდა, რომ პარლამენტს მხოლოდ 2020 წლის ბიუჯეტისთვის ეყარა კენჭი, მაშინ როდესაც ბენი განცი მომავალი, 2021 წლის ბიუჯეტზე კენჭისყრასაც ითხოვდა.

ორ ლიდერს შორის უთანხმოების გამო მიმდინარე წლის აგვისტოში გამართული სხდომა უშედეგოდ დასრულდა და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე კენჭისყრა 2020 წლის დეკემბრისთვის გადაიტანეს.

კანონის თანახმად, თუ პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს 23 დეკემბრამდე ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.

შექმნილ ვითარებას და ახალი ვადამდელი არჩევნების რეალობის წინაშე დადგომას ორივე მოწინააღმდეგე მხარე ერთმანეთს აბრალებს. ფაქტია, რომ ისრაელს ჯერ ისევ არ აქვს  2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტი.

რაც შეეხება იმას, თუ ვის აძლევს ხელს ახალი ვადამდელი არჩევნები, უმეტესობა ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნები ნეთანიაჰუს წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან „კაჰოლ ლავანმა“ თავისი ელექტორატის ნაწილი მაისში დაკარგა კოალიციაში შესვლის გამო. ბლოკის ნაწილი ოპოზიციაში გადავიდა და უკომპრომისოდ ითხოვს ნეთანიაჰუს გადადგომას. მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებით სამი სასამართლო პროცესი გრძელდება, სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ თუ მომავალი წლის მარტში მორიგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, შედეგად ქნესეთში ნეთანიაჰუს „ლიკუდი“ ყველაზე დიდი პარტია იქნება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close