ჯანმრთელობასაქართველო

რა გაკეთდა და რა კეთდება COVID-პაციენტების უკეთ მომსახურებისთვის – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რა გაკეთდა და რა კეთდება ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა უკეთ მომსახურებისთვის, –  ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობის კითხვებსა და პრეტენზიებს პასუხობს.

ცერცვაძის განცხადებას, რომელიც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, nostal.ge უცვლელად გთავაზობთ.

„მინდა გამოვეხმაურო მოსახლეობის იმ ნაწილის კითხვებს და ხშირად სამართლიან პრეტენზიებს, რომელთაც COVID პანდემიის პირობებში რეალურად შეექმნათ პრობლემები, მათ შორის სერიოზულიც: რატომ ყოველთვის ვერ ხერხდება დროული ტესტირება, რატომ იგვიანებს ტესტების პასუხები, რატომ ჭირს 112-თან და ოჯახის ექიმთან დაკავშირება, რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რატომ არ არის ჰოსპიტლებში თავისუფალი ადგილები და ვერ ხერხდება დროული ჰოსპიტალიზაცია.

რატომ არ მოემზადა სახელმწიფო უკეთესად და ა.შ. სამწუხაროდ, COVID პანდემია ძალიან მძიმე გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მითუმეტეს საქართველოს მსგავსი შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებისთვის და ობიექტურად ქმნის უამრავ სერიოზულ პრობლემას, კერძოდ ერთდროულად 27 ათასზე მეტი აქტიური COVID პაციენტის შეფერხებების გარეშე მართვა ძალიან ძნელია.

მერწმუნეთ, ანალოგიური და ხშირად უფრო მეტი პრობლემებია ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ და მეტი რესურსების მქონე ქვეყნებშიც. თუმცა, ეს ნაკლები ნუგეშია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კონკრეტული სამედიცინო დახმარების მიღება უგვიანდებათ.

საქართველოს სამთავრობო სტუქტურებს, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ყველა ეს პრობლემა, ისევე როგორც თავიანთი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე.

ძალიან ვწუხვართ იმ უხერხულობისთვის, რაც მოსახლეობის ნაწილს ექმნება. ყველა სტრუქტურა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ადამიანებს ნაკლები პრობლემები შეექმნათ. სისტემატურად იზრდება ე.წ. COVID კლინიკების რაოდენობა (ა.წ. მარტში იყო 15 კლინიკა, ახლა – 82 კლინიკა). ფართოვდება საწოლფონდი – ზაფხულში მობილიზებული იყო 1620 საწოლი, ახლა 7 000-ზე მეტი. ქვეყანას საკმარისზე მეტი აქვს (2 000-ზე მეტი ) ხელოვნური სუნთქვის აპარატები, მათ შორის 700-ზე მეტი აპარატი უშუალოდ COVID კლინიკებში.

ქვეყნის პრაქტიკულად ყველა COVID კლინიკაში უკვე დაინერგა ან ახლო მომავალში დაინერგება ე.წ. high flow (ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდების) მეთოდიკა, რაც შეამცირებს ინტუბაციების რაოდენობას და შეამცირებს სიკვდილობას. კლინიკების და COVID სასტუმროების ქსელი უზრუნველყოფილია ე.წ. ჟანგბადის კონცეტრატორებით. ფართოვდება ე.წ. COVID სასტუმროების ქსელი, მობილიზებულია 76 ასეთი სასტუმრო – 5 378 ადგილით.

ამ სასტუმროებში მუშაობს 272 ექიმი, 319 ექთანი და 51 სტუდენტი ექთნის პოზიციაზე. ამ სასტუმროებში სხვა სიკეთეებზე (სამედიცინო მეთვალყურეობა და სხვ.) რომ არაფერი ვთქვათ, ხდება COVID პაციენტების გაცილებით უფრო ეფექტიანი იზოლაცია, ვიდრე ეს შესაძლებელია ბინის პირობებში. საგულისხმოა, რომ COVID სასტუმროები საქართველოს “ნოუ ჰაუ“ და ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. რაღაც მსგავსი აქვთ მხოლოდ სამხრეთ კორეაში, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში კი – არა.

ფართოვდება (ორმაგდება) PCR და სწრაფი/მარტივი ტესტირება და დღე-ღამეში გაკეთებული ტესტების რაოდენობით საქართველო უკვე გაუთანაბრდა ევროპის წამყვან ქვეყნებს. მანამდე ვიყავით საშუალო ევროპულ დონეზე. ძლიერდება და ფართოვდება სასწრაფო დახმარების სამსახური, იზრდება COVID პაციენტებთან მუშაობაში ჩართული ოჯახის ექიმების, მათ შორის კერძო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების, რაოდენობა (2 000-ზე მეტი ოჯახის ექიმი).

შექმნილია 61 ე.წ. „ონლაინ კლინიკა“ (ა.წ. მარტში იყო 25), რომლებიცმუშაობენ 24-საათიან რეჟიმში.

ამ კლინიკებში არის 125 ბრიგადა, რომელშიც ჩართულია 756 ოჯახის ექიმი.

სახელმწიფოში და სამინისტროში იქმნება ან მოდერნიზდება კრიზისული სიტუაციების უკეთესად მართვისთვის აუცილებელი სტრუქტურები. ყოველდღიურად იხვეწება COVID პაციენტების ტრიაჟის პრინციპები და ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, მაგრამ ეს ადვილი არ არის, რადგან COVID-19 იმდენად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომ ოპტიმალური ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებიც კი ვერ იძლევა გარანტიას ზუსტად განისაზღვროს, რომელი პაციენტი შეიძლება დამძიმდეს და რომელი – არა.

საქართველოში დღემდე არავინ დაზარალებულა ხელოვნური სუნთქვის აპარატების, მედიკამენტების და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნაკლებობის გამო და ყველაფერ ამის მიღწევა ადვილი არ ყოფილა.

პაციენტების კლინიკური მართვა ხდება ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით და ინოვაციური მიდგომებით, რაც, COVID შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, განაპირობებს ევროპის ქვეყნებს შორის COVID-19-ით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს (0,93%) დაჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი პაციენტების ძალიან დაბალ რიცხვს (სულ ერთეული პაციენტი), მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ასეთები ასეული და ათასებია.

საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ასევე გაცილებით ნაკლებია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევები.

ამის მიუხედავად პაციენტის გარდაცვალების თითოეული შემთხვევა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, უდიდესი ტრაგედიია თითოეული ჩვენგანისათვის და გვერწმუნეთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს (სამწუხაროდ, ამის მთლიანად თავიდა აცილება შეუძლებელია).

სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შესძლებს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას, რისი მიღწევაც ჩვენი რესურსების მქონე ქვეყნისთვის ადვილი არ იყო.

ყველაფერი ის, რაც უკვე გაკეთდა, ან კეთდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო შესაძლოდ მოკლე დროში და მინიმალური ადამიანური დანაკარგებით გაუმკლავდება საუკუნის უდიდეს გამოწვევას – COVID-19-ის პანდემიას“, – აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close