მედიცინამსოფლიო

ბრიტანეთში პირველები მარგარეტ ქენანი და უილიამ შექსპირი აცრეს მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში

„ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი“ - ასე აფასებს ვაქცინაციის დაწყებას ცნობილი პროფესორი

მარგარეტ ქენანი პირველი ბრიტანელია, რომელიც კოვიდის წინააღმდეგ აცრეს დიდ ბრიტანეთში დაწყებული მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში. მას მომავალ კვირაში 91 წელი უსრულდება. აცრა ქოვენთრის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა. ამის შესახებ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC ავრცელებს ინფორმაციას. 

მარგარეტმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო იმ 800 ათასი დოზიდან, რომელსაც ბრიტანეთში მომავალ კვირებში შეიტანენ. თვის ბოლოსთვის კი კიდევ 4 მილიონამდე დოზას ელოდებიან.

მეორე ბრიტანელი კი, რომელიც დღეს ასევე ქოვენთრის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში აცრეს, 81 წლის უილიამ შექსპირია უორიკშირიდან.

PA MEDIA

ბრიტანეთის ვაქცინაციის ცენტრებში თავდაპირველად 80 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს და ზოგიერთი დარგის სამედიცინო მუშაკებს აცრიან – ადამიანთა იმ ჯგუფებს, რომლებიც კორონავირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლადად ითვლებიან.

ამ კვირაში ქვეყნის 70-მდე საავადმყოფო ელოდება ვაქცინას, რათა აცრის კამპანიაში ჩაერთოს.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლონდონის საავადმყოფო მოინახულა, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს. „აცრა კარგია თქვენთვის და სასარგებლოა მთლიანად ქვეყნისთვის“, – მიმართა ჯონსონმა მოქალაქეებს.

ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის თქმით, საჭიროა რამდენიმე კვირა, რათა სამედიცინო მუშაკების, მედპერსონალის და 80 წელს გადაცილებული ადამიანების პირველი ჯგუფები აიცრას. შემდეგ კი ასაცრელ მოქალაქეთა ასაკი თანდათან დაიწევს.

პროფესორ სტივენ პოვისის (Stephen Powis) შეფასებით, ვაქცინაციის პროცესის დაწყება აღიქმება, როგორც „[ეპიდემიის] დასასრულის დასაწყისი“. მისი თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამოთქმა „დასასრულის დასაწყისი“ მხოლოდ დადებით დატვირთვას ატარებს. „2020 წელი საშინელი იყო“, თუმცა უახლოეს თვეებში ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.

იმ ადამიანების პასუხად, რომლებსაც ვაქცინაციის შიში აქვთ, პროფესორმა თქვა, რომ „ვაქცინაცია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ფორმაა“.

„ეს ვაქცინა ათასობით ადამიანზე გამოიცადა კლინიკური ცდების დროს და, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ, MHRA-მ, როგორც ყოველთვის, ყურადღებით შეისწავლა ის და მწვანე შუქი მისცა“, – აღნიშნა პოვისმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აცრა სავსებით ნებაყოფლობითია.

ამასთან, ადამიანებს სთხოვენ, თვითნებურად არ მივიდნენ საავადმყოფოებში, მათ ეტაპობრივად მოიწვევს NHS ასაცრელად მათი სოციალური და პროფესიული პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.

Pfizer-ის ვაქცინა 2 დოზად კეთდება. მეორე აცრას პირველი აცრიდან 2-3 კვირის შემდეგ ატარებენ. უმეტეს შემთხვევაში ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მეორე აცრიდან 7-10 დღეში ყალიბდება, იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს თავადაც ძლიერი იმუნიტეტი აქვს, კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება პირველი აცრიდან უკვე 21-ე დღეს ხდება.

მისი შემქმნელების შეფასებით, „ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია. საქმე ისაა, რომ კლინიკური ცდების დროს რამდენიმე აცრილი მაინც დაინფიცირდა კორონავირუსით, თუმცა როგორც Pfizer-ში განმარტავენ, მათ იმ დროისთვის მხოლოდ პირველი დოზა ჰქონდათ მიღებული.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close