აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის პოსტის გარდა შესაძლოა ცოლიც დაკარგოს – როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იუწყება, მელანია ტრამპი „წუთებს ითვლის, როდის დატოვებს მისი ქმარი თანამდებობას, რომ გაეყაროს“. ამის შესახებ გამოცემა ტრამპის ყოფილი თანაშემწის, ომაროსა მანიგო ნიუმანის სიტყვებზე დაყრდნობით წერს.
„მელანია დიდი ხანია ფიქრობდა განქორწინებაზე და ელოდა, სანამ მისი მეუღლე პოსტს დატოვებდა. იმ შემთხვევაში, თუ ის ქმრის მხრიდან დამცირებას ვეღარ გაუძლებდა და განქორწინებას ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მოითხოვდა, პრეზიდენტი მის დასასჯელად გზას იპოვიდა“, – აცხადებს მანიგო ნიუმანი.
მელანია ტრამპს მოლაპარაკებები ჰქონდა საქორწილო გარიგების თაობაზე, რომლის თანახმადაც მისმა ქმარმა დონალდ ტრამპმა თავისი ქონების ნახევარი მათ საერთო შვილს – ბერონს უნდა გადასცეს.
პირველი ლედის ყოფილი თანაშემწე სტეფანი ვოლკოფი კი ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპის და მელანიას 15-წლიანი ქორწინება, ფაქტობრივად, გარიგება იყო და ცოლ-ქმარს თეთრ სახლში ერთ ოთახშიც კი არ ეძინა.
ამ ინფორმაციის ფონზე სარწმუნოდ ჩანს CNN-ის მიერ გავრცელებული ცნობა, რომელიც ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, რომ პირველი ლედი დონალდ ტრამპს არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ლედის არჩევნებთან დაკავშირებით საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია, გამოცემის თანახმად, მან პრეზიდენტთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ დრო მოვიდა, დონალდ ტრამპმა წაგება აღიაროს.
აშშ-ის 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება უკვე მიულოცა საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, მერკელმა, ჯონსონმა, მაკრონმა, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს.
როგორც ცნობილია, ტრამპის ადვოკატებმა უკვე გაასაჩივრეს სავარაუდო დარღვევები ჯორჯიაში, მიჩიგანსა და ნევადაში. პენსილვანიაში უზენაესმა სასამართლომ ე. წ. დამატებითი ბიულეტენების ავთენტიკურობის შემოწმებისა და ხმების დათვლის პროცესზე რესპუბლიკელი დამკვირვებლების დასწრების განკარგულება გასცა, თუმცა ისევე როგორც პენსილვანიაში, სხვა შტატებშიც ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ხმების თავიდან დათვლის შემდეგ ზოგადი სურათის შეცვლის შესაძლებლობა ძალიან მცირეა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები