fbpx
პოლიტიკასაქართველო

რა ხდებოდა ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენებამდე (ვიდეო)

ცესკოს პიკეტირებისკენ პარლამენტის წინ ჩატარებული საპროტესტო აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მოუწოდა. „დავრჩეთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ იქ ვერ შევა და ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. თამარ ჟვანია სახლში უნდა წავიდეს“, – თქვა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ეს ოპოზიციის მიერ გაწერილი გეგმის ერთი ნაწილია.

აქციის მონაწილეები ცესკოს შენობასთან ფეხით მივიდნენ.

ვრცელდება იმის ამსახველი კადრები, თუ რა ხდებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან წყლის ჭავლის გამოყენებამდე. ვიდეომასალაში, რომელიც „იმედმა“ გადაიღო, ჩანს, რომ დემონსტრანტებმა ჯებირები გაარღვიეს, რის შემდეგაც მათსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ მოახდინა პოლიციამ რეაგირება.

 

თუ რა ხდებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან წყლის ჭავლის გამოყენებამდე, ამის ამსახველი კადრები „რადიო თავისუფლებამაც“ გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოს წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:

„ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს.

დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია,რომ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი  გამოიყენა. პოლიცია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და მას დეზინფორმაციას უწოდებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close