მილანის სასამართლომ 3 ნოემბერს განიხილა აპელიაცია ვიტალი მარკივის საქმეზე და განსასჯელის გათავისუფლება გადაწყვიტა. მარკივი უკრაინაში ბრუნდება, ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა ლიუდმილა დენისოვამ განაცხადა.
სააპელაციო სასამართლოზე საგანგებოდ ჩავიდა იტალიაში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, რომელმაც სოციალური ქსელით გაავრცელა ცნობა უკრაინელი სამხედროს გათავისუფლების შესახებ.
უკრაინის ეროვნული გვარდიის უფროსი სერჟანტი ვიტალი მარკივი ბრალდებული იყო ორი პირის – ფოტორეპორტიორ ანდრეი როკელისა და მისი რუსი თარჯიმნისა და ჟურნალისტის, ანდრეი მირონოვის მკვლელობაში 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკში მიმდინარე ბრძოლების დროს.
შარშან ქალაქ ასიზის პირველი ინსტანციის სასამართლომ მარკივს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მარკივმა უარყო დანაშაულის ჩადენა და განაცხადა, რომ არავითარი კავშირი არ აქვს იტალიელის მკვლელობასთან.
სამშობლოში ვიტალი მარკივი ცნობილია, როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტი. იტალიის პასპორტის მქონე მარკივი უკრაინაში ჩავიდა, კიევის ცენტრში მაიდანზე ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის მხარდასაჭერად, ხოლო იქიდან მოხალისედ გაემგზავრა დონბასში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარკივის გათავისუფლებას უკვე უწოდა „სამართლის ზეიმი“.
წყარო: radiotavisupleba.ge
ამავე თემაზე: იტალიელი ჟურნალისტის მკვლელობისთვის უკრაინელ სამხედროს იტალიაში 24 წელი მიუსაჯეს
კომენტარები