იტალიელი ჟურნალისტის მკვლელობისთვის უკრაინელ სამხედროს იტალიაში 24 წელი მიუსაჯეს

იტალიაში უკრაინელ სამხედროს ვიტალი მარკივს ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის, ანდრეა როკელის და მისი თარჯიმნის, რუსეთის მოქალაქე ანდრეი მირონოვის მკვლელობისთვის 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქ პავიის ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს. საქმე ეხება აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში კონფლიქტის დროს, 2014 წლის მაისში მომხდარ შემთხვევას. აღსანიშნავია, რომ განაჩენი ბრალდების მხარისთვისაც მოულოდნელი იყო – ბრალდება მარკივისთვის სასჯელის სახით 17 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ ვიტალი მარკივი უდანაშაულოა, რადგან ის ჟურნალისტთა ჯგუფისგან საკმაოდ შორს იმყოფებოდა და მძიმე შეიარაღება არ ჰქონდა.

უკრაინელი სამხედრო ბოლონიის აეროპორტში 2017 წლის ივნისში დააკავეს. საქმე ისაა, რომ მარკივს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – უკრაინის გარდა იგი იტალიის მოქალაქეცაა, მისი ოჯახი იტალიაში 2002 წელს გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც თავად 16 წლის იყო.

რაც შეეხება რეპორტიორს, აგრეთვე, იტალიის მოქალაქეს, ანდრეა როკელი ერთ-ერთი ფოტოსააგენტოს დამფუძნებელი იყო და სხვადასხვა წამყვან მედიასაშუალებასთან თანამშრომლობდა, მათ შორის, ფრანგულ Le Monde-თანაც.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ვიტალი მარკივის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მან განაცხადა, რომ განაჩენი, რომელიც უსამართლოა, გასაჩივრდება.

„ის არ არის დამნაშავე. ვიტალი მარკივი რუსეთის აგრესიის მსხვერპლია. ჩვენ ბრძოლას განვაგრძობთ“, – დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები