პარიზსა და რამდენიმე ქალაქში შესაძლოა კომენდანტის საათი დაწესდეს
ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს პრეზიდენტი მაკრონი შეზღუდვების ახალი ზომების შესახებ განაცხადებს
საფრანგეთის მთავრობა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, პარიზში, გარეუბნების ჩათვლით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად კომენდანტის საათის დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
12 ოქტომბერს Franceinfo-ს ეთერში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „გამორიცხული არაფერია“, თუმცა იქვე განმარტა, რომ „სრული კარანტინი თავიდან უნდა იქნას აცილებული“.
საფრანგეთში ბოლო რამდენიმე კვირაა, კორონავირუსული ინფექცია სწრაფად ვრცელდება. შაბათს, 11 ოქტომბერს ერთ დღე-ღამეში 27 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მთელი პანდემიის პერიოდის რეკორდული მაჩვენებელია. როგორც პირველი ტალღის დროს, მეორე ტალღის დროსაც ინფექცია ყველაზე მეტად ილ-დე-ფრანსს უტევს, კერძოდ, პარიზს, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ძალიან მაღალია. კორონავირუსის გავრცელების გამო პარიზი და მისი გარეუბნები უკვე გამოცხადდა „მაქსიმალური საფრთხის ზონად“.
Le Point-ის ინფორმაციით, განიხილება ღამით კომენდანტის საათის დაწესება. უსაფრთხოების საბჭომ (le Conseil de Défense) ამგვარი სცენარი რამდენჯერმე შესთავაზა მთავრობას იმ არგუმენტით, რომ, პირველ რიგში, ეს შეამცირებს ინფექციის გავრცელებას ახალგაზრდებში – იმ ასაკობრივ ჯგუფში, სადაც ვირუსი ყველაზე აქტიურად ცირკულირებს. შემოთავაზებულია სხვადასხვა დრო: 20, 22 ან 23 საათიდან – როგორც ბერლინში ან ფრანკფურტში.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინტერვიუ TF1-ზე და France 2-ზე ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს არის დაგეგმილი, პარიზის დროით 19:55 საათზე. ახალი შეზღუდვების შესახებ პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ინტერვიუს დროს განაცხადებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსის 12 993 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 117 კოვიდინფიცირებული. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 32 942-ს უდრის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ კორონავირუსის 756 472 შემთხვევაა გამოვლენილი. ამ მაჩვენებლით საფრანგეთი მეორე ადგილზეა ევროპაში ესპანეთის შემდეგ, სადაც ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 925 341-ს აღწევს.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები