საზოგადოებასაქართველო

ბათუმის დელფინარიუმში მატებაა – „ცუცას“ შვილი შეეძინა (ვიდეო)

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა – ამის შესახებ ინფორმაცია დელფინარიუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

ბათუმის დელფინარიუმში კვლავ მატებაა. ჩვენს ბინადარს, დელფინს მეტსახელად ცუცა, მეორე შვილი შეეძინა.

დელფინარიუმის ისტორიაში ეს უკვე მეთერთმეტე ახალშობილია.

დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობს. ახალშობილი აქტიურად დაცურავს აუზში დედასთან ახლოს“, – წერია ვებგვერდზე.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ცუცას ერთი  „ვაჟიშვლი“ უკვე ჰყავს, სახელად „გურუ“ და ის  3 წლისაა.

„პატარას მოუთმენლად ველოდით. იგი 5 ოქტომბერს დაიბადა, მანამდე დედა 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა“, – აცხადებენ დელფინარიუმის მწვრთნელები. მათივე თქმით, „ამჟამად დედა შვილს სწორ სუნთქვასა და სინქრონულ ცურვას, ასევე, კოორდინირებულ მოძრაობას ასწავლის“.

დელფინარიუმის ძუძუმწოვართა ცენტრის უფროსის, ბიოლოგიის დოქტორ ტარიელ (თენგო) წეროძის ვარაუდით, ახალშობილი დელფინი ბიჭია: „ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა. იგი ამ ეტაპზე დედის რძით იკვებება და ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. პატარა, 6-იდან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად თევზით კვებასაც დაიწყებს…“ – აცხადებს ტარიელ წეროძე (კომენტარი სრულად იხილეთ ვიდეოში).

„ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება იშვიათობაა, თუმცა ბათუმის დელფინარიუმში დადებითი დინამიკა გრძელდება, რაც უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით, იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომის გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ“, – წერია ბათუმის დელფინარიუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კოროინავირუსის ინფექციის აფეთქების გამო თითქმის თვეზე მეტია, რაც ბათუმის დელფინარიუმი  ვიზიტორთათვის დაკეტილია, თუმცა დელფინარიუმის თანამშრომლები, შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სპეციალურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის დელფინარიუმის ბინადრები დელფინთა სახეობა აფალინებს (Tursiops truncatus) განეკუთვნებიან. დელფინისებრთა ოჯახის ეს ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველი შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“ (IUCN), ასე რომ, ბათუმის დელფინარიუმში ყოველი ახალი დელფინის დაბადება მნიშვნელოვანია ამ სახეობის დაცვისა და გადარჩენისთვის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close