საფრანგეთსა და იტალიაში უამინდობამ ორი ადამიანი იმსხვერპლა, ათობით მოქალაქე დაკარგულად ითვლება
საფრანგეთის სამხრეთსა და იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შტორმის შედეგად ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, იტალიაში უამინდობამ 2 ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა. სტიქიის გამო დაიტბორა დასახლებული პუნქტები, ათასობით საცხოვრებელი სახლი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ქარიშხალ „ალექსის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობის გამო საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში 30 ათასამდე სახლს დენი არ მიეწოდება. სტიქიამ ქალაქი ნიცა დააზარალა, დატბორილია ახლომდებარე სოფლები.
სტიქიის შედეგად დაზარალებულებს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმართა:
„ერთად გავუძლებთ სიმტკიცის ამ შემოწმებას“, – დაწერა ემანუელ მაკრონმა ტვიტერში. მან სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში სტიქიამ ხიდები დააზიანა, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. გარდაცვლილია, სულ მცირე, ორი ადამიანი, 22 კი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება. „ანსას“ ინფორმაციით, დაკარგული გერმანელი ტურისტები იპოვეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პირველად გამოიყენეს ვენეციაში რაბების სისტემა Mose, რომელმაც ქალაქი დატბორვისგან წარმატებით დაიცვა.
კომენტარები