პოლიტიკაჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„თუ რომელიმე ქვეყანაში შეიძლება ქართველმა სამშობლოსთან ახლოს იგრძნოს თავი, ეს ქვეყანა ალბათ საბერძნეთია“ – დავით დონდუა

„ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების აღსანიშნავად პირველი ავიარეისი თბილისიდან ათენში განხორციელდა და იმ თვითმფრინავით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სტუდენტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სწორედ საბერძნეთში ჩამოფრინდნენ. ეს იყო სიმბოლური ნიშანი იმისა, რომ საქართველოსთვის ევროპა საბერძნეთით იწყება…

კარგად მესმის, თუ რა სირთულეები ახლავს სამშობლოსგან მოწყვეტილად, ემიგრაციაში ცხოვრებას. …მართალია, სამშობლოს ვერაფერი შეცვლის, მაგრამ თუ რომელიმე ქვეყანაში შეიძლება ქართველმა ადამიანმა სამშობლოსთან ახლოს იგრძნოს თავი, ეს ქვეყანა ალბათ საბერძნეთია…“, – ამბობს საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა ინტერვიუში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. იგი ბევრ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საუბრობს, რომლებიც ქართველ ემიგრანტებს ეხება; მკითხველი, აგრეთვე, გაეცნობა საბერძნეთსა და საქართველოს შორის ამ ეტაპზე არსებულ ურთიერთობებს სხვადასხვა სფეროში. nostal.ge-ს რედაქცია მადლობას უხდის ბატონ ელჩს, რომ დრო დაგვითმო და ჩვენთვის საინტერესო თემებზე გვესაუბრა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით დონდუა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კატერინა საკელაროპულუს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს; ათენი, 2020 წლის 29 ივლისი

ბატონო დავით, კორონავირუსის პანდემიის პირველმა ტალღამ საბერძნეთი, ისევე როგორც საქართველო, სხვებთან შედარებით ნაკლებად დააზარალა. როგორ შეაფასებდით საბერძნეთის მთავრობის ქმედებებსრით იყო განპირობებული ის, რომ კორონავირუსული ინფექცია საბერძნეთში ნაკლებად გავრცელდა?

როცა დრო დადგება, ამ კითხვას პროფესიონალი ეპიდემიოლოგები, სათანადო კვლევების საფუძველზე, გასცემენ ობიექტურ პასუხს. ჩემი დაკვირვების საფუძველზე კი ვფიქრობ, რომ საბერძნეთის, ისევე როგორც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის საფრთხე დროულად შეაფასა, სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადადგა მისი პრევენციისთვის. ორივე ქვეყნის ხელისუფლება პანდემიის საფრთხის შემცირებისაკენ მიმართულ გადაწყვეტილებებს დღემდე მედიცინის მუშაკებთან კომუნიკაციაზე დაყრდნობით და საზოგადოებასთან კოორდინაციით ღებულობს. ვფიქრობ, რომ ვირუსის გავრცელების დასაწყისშივე საბერძნეთის მთავრობის მიერ განხორციელებულმა შეზღუდვებმა, ბერძენი ხალხის სიფრთხილემ და პასუხისმგებლობით აღსავსე მიდგომამ განაპირობა საბერძნეთში ინფექციის ნაკლებად გავრცელება.

დღესაც კი, როცა ქვეყანა ტურისტებისთვის გაიხსნა და უამრავი დამსვენებელი მოაწყდა საბერძნეთის ცნობილ კურორტებს და, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ეპიდსიტუაციას.

თუ გაქვთ ინფორმაცია საბერძნეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების კორონავირუსით ინფიცირების შესახებ: რამდენი ადამიანი დაინფიცირდა, თუ დაფიქსირდა ლეტალური შემთხვევები და რამდენად საქმის კურსში იყო საელჩო ამ ადამიანების მკურნალობასა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით?

მარტიდან დღემდე საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს შვიდ მოქალაქეს დაუდგინდა კორონავირუსი. ეს ყველა შემთხვევა ეპიდემიის პირველი ტალღის დროს იყო. საბედნიეროდ, არცერთი შემთხვევა ფატალურად არ დასრულებულა. ჩვენი საკონსულოს თანამშრომლები სისტემატურად უკავშირდებოდნენ ინფიცირებულ მოქალაქეებს; გვქონდა კავშირი იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, სადაც ისინი მკურნალობდნენ. ისე, რომ თვალყურს ვადევნებდით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ძირითადად, რა საკითხებზე მიმართავდნენ საელჩოს კორონავირუსის პანდემიის მწვავე ფაზის დროს საქართველოს მოქალაქეები და რა დახმარება გაუწია მათ დიპლომატიურმა უწყებამ?

პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენა და მათი სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება. ამ მიზნებისათვის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური წარმომადგენლობები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ რთულ ვითარებაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები ყოველდღიურ რეჟიმში უწევენ სხვადასხვა სახის დახმარებას. ამასთან, განისაზღვრა მოწყვლადი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეთა კატეგორიები, მათ შორის, არასრულწლოვნები, ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეები, ხანდაზმულები, სტუდენტები, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე მოქალაქეები, ფეხმძიმეები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, მეზღვაურები, რომელთა დახმარებაც პრიორიტეტულად ხორციელდებოდა. 2020 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს  23 309 მოქალაქეს. მთავრობის ხელშეწყობითა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი ჩარტერული რეისებით, ასევე სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 25 198 მოქალაქე.

რაც შეეხება საბერძნეთს, პანდემიის მწვავე ფაზაში, ორი თვის განმავლობაში, საელჩოს ძალისხმევით, მოხერხდა საქართველოს 1500-მდე მოქალაქის საკვებით უზრუნველყოფა. მეტიც, 150 ადამიანი თავშესაფარში გადავიყვანეთ. ამასთან, ჩვენს მოქალაქეებს, თუ სამედიცინო ცნობას წარმოადგენდნენ, მუდმივად ვაწოდებდით საჭირო მედიკამენტებს. საკვებით, თავშესაფრით და მედიკამენტებით უზრუნველვყავით არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო იძულებულნი იყვნენ საბერძნეთში დარჩენილიყვნენ, არამედ ისინიც, ვინც სამსახური დაკარგა და ფინანსური პრობლემები შეექმნა. ცხადია, ეს ყველაფერი  საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

გარდა ამისა, იყო კერძო ინიციატივებიც – როგორც დიასპორულმა ორგანიზაციებმა, ისე ცალკეულმა პირებმა დახმარების ხელი გაუწოდეს გაჭირვებაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველას ამ  ღირსეული საქციელისთვის.

აქვე, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როცა ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში ჩაიკეტა საზღვრები და გართულდა გადაადგილება, საქართველოს სახელმწიფო ასუბსიდირებდა ჩარტერულ რეისებს მოქალაქეთა რეპატრიაციის მიზნით და ბუნებრივია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო საბერძნეთი, რომლითაც ისარგებლეს და სამშობლოში დაბრუნდნენ, პირველ რიგში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.

ზოგადად, რა პრობლემები აქვთ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთის რესპუბლიკაში დღეს? საბერძნეთში ჩამოსვლის შემდეგ თქვენ გამართეთ შეხვედრები ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. რა პრობლემები გამოიკვეთა ამ შეხვედრების შედეგად და როგორ შეუძლია საელჩოს ამ პრობლემების მოგვარების პროცესში მონაწილეობა?

ათენში საქართველოს საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართულ დიასპორასთან აქტიური ურთიერთობა და თანამშრომლობა გახლავთ. აქედან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად, მუდმივად განვიხილავთ ქართული ემიგრაციისთვის საჭირბოროტო საკითხებს.

შეხვედრა საელჩოში ქართულ-ბერძნული კულტურული და საზოგადოებრივი ურთიერთობების ცენტრ „პეგასი – მერანის” წარმომადგენლებთან; ათენი, 2020 წლის 10 ივნისი

როგორც ცნობილია, ბოლო წლებში საბერძნეთში ქართული დიასპორისთვის მნიშვნელოვანი ბევრი  პრობლემა მოგვარდა, რამაც შეამცირა ბიუროკრატიული ბარიერები  და დაზოგა ჩვენი მოქალაქეების ფინანსები. მაგალითად, 2016 წლიდან საბერძნეთმა საქართველოს მიმართ აამოქმედა ე.წ. აპოსტილის კონვენცია, რამაც საგრძნობლად გაამარტივა ამ ქვეყნის სხვადასხვა უწყებაში წარსადგენი დოკუმენტების დამოწმების პროცედურები.

საბერძნეთის მთავრობამ, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ადგილობრივ საჯარო სკოლებში ქართული ენის შესწავლის პროგრამის ამოქმედების ოფიციალური ნებართვა გასცა.

ჩვენი საელჩოს მონაწილეობით არალეგალურად მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის მომზადდა  სპეციალური გზამკვლევი ქართულ ენაზე, რომელშიც წარმოდგენილია ყველა საჭირო საკითხის მომცველი ინფორმაცია საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობის შესახებ, შესაბამისი იურიდიული განმარტებებით.

საბერძნეთში ჩამოსვლის დღიდანვე აქტიურად ვხვდები როგორც ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ისე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრებისას გამოიკვეთა სხვადასხვა საგულისხმო საკითხი და პრობლემა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გვერდში დავუდგეთ ქართველ ემიგრანტებს  და დავეხმაროთ სიძნელეების დაძლევაში.

კრიმინალის თემას რაც შეეხება: ბერძნული მედია ხშირად ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების მიერ საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი სხვადასხვა სახის დანაშაულის შესახებძირითადად, ბინების ძარცვა ფიგურირებს. როგორია სტატისტიკა ამ კუთხით და საელჩო როგორ, რა დოზით ერევა ამგვარ ფაქტებში?

მოგეხსენებათ, დანაშაულს ეროვნება არ აქვს, თუმცა შესაძლოა იყოს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დანაშაული ჩადენის ცალკეული ფაქტები. 2015 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საბერძნეთში საქართველოს საელჩოში მოვლენილია პოლიციის ატაშე, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

ფაქტია, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებობს ისტორიული და კულტურული კავშირები. ამავე დროს, პოლიტიკურეკონომიკური ურთიერთობები არც ისე ინტენსიურია. რა პერსპექტივებს ხედავთ ამ კუთხით?

დავით დონდუას შეხვედრა საბერძნეთის რესპუბლიკის ცენტრალური მაკედონიის რეგიონის გუბერნატორ აპოსტოლოს ძიძიკოსტასთან თესალონიკში, გენერალურ საკონსულოში; 2020 წლის 17 ივნისი

ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები არ არის ინტენსიური. ტრადიციულად, ჩვენს ორ ქვეყანას საკმაოდ მჭიდრო, კულტურულ-ჰუმანიტარული და პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებს. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო იყო, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა საქართველოსთან და გახსნა საელჩო თბილისში. ასევე მოვიქეცით ჩვენც და ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა ათენში დავაფუძნეთ. დღეს საელჩოს გარდა, თესალონიკში ფუნქციონირებს საქართველოს გენერალური საკონსულო, რომელიც ფარავს აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის, ცენტრალური მაკედონიის, დასავლეთ მაკედონიისა და თესალიის რეგიონებს.

საბერძნეთი აქტიურად გვიჭერს მხარს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში და ქმედითად გვეხმარება ამ პროცესის წარმატებით წარმართვაში.

ხშირია ჩვენს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები და აქტიურია თანამშრომლობა ცალკეულ სამინისტროებსა და უწყებებს შორის. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების აღსანიშნავად პირველი ავიარეისი თბილისიდან ათენში განხორციელდა და იმ თვითმფრინავით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სტუდენტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად სწორედ საბერძნეთში ჩამოფრინდნენ. ეს იყო სიმბოლური ნიშანი იმისა, რომ საქართველოსთვის ევროპა საბერძნეთით იწყება.

აქტიურია, აგრეთვე, ეკონომიკური კავშირებიც. საქართველოში 200-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა დამფუძნებლები საბერძნეთის მოქალაქეები არიან. ეს კომპანიები, ძირითადად, ვაჭრობის სფეროებში მოღვაწეობენ. ქართული კომპანიები სისტემატურად მონაწილეობენ საბერძნეთში გამართულ ბიზნესფორუმებსა და ბაზრობებში. ასე უნდა ყოფილიყო წელსაც, რამდენიმე ქართული კომპანია გეგმავდა თესალონიკის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას, მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება ვეღარ გაიმართა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს კონტაქტების კიდევ უფრო გახშირების და გაღრმავების სურვილი.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ბერძნული გამოცდილებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარება ისეთ სფეროებში, რომლებშიც საბერძნეთმა დიდ წარმატებას მიაღწია. ესენია სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, განახლებადი ენერგია, „მწვანე“ ეკონომიკა, ტურიზმის მენეჯმენტი, აგროტურიზმი და სხვა.

საქართველოს ელჩის დავით დონდუას შეხვედრა ათენის მერის დიპლომატიურ მრჩეველთან, საქართველოში საბერძნეთის პირველ ელჩთან, ტასოს კრიეკუკისთან. ათენის მერია, 2020 წლის 9 ივლისი

უკანასკნელ წლებში საქართველოში ბერძენ ვიზიტორთა რაოდენობა მზარდი დინამიკით გამოირჩეოდა. მაგალითისათვის, 2016 წელს საქართველოს 15 905 ბერძენი ეწვია, 2017 წელს – 18 276, 2018 წელს – 19 722, ხოლო 2019 წელს – 21 150.

მართალია ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ტურისტი და ვიზიტორი ჩამოდიოდა საბერძნეთიდან ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ საბერძნეთისთვის საქართველო ტურისტულად მომხიბლავი მიმართულებაა. საბერძნეთს საზღვაო ტურიზმში ვერც შევეჯიბრებით, თუმცა შეგვიძლია დავაინტერესოთ სამთო-სათხილამურო კურორტებით, ღვინის ტურებით, რელიგიური ცენტრების მონახულებით, აგროტურიზმით, კულინარიული მრავალფეროვნებით და სხვა არაერთი მიმართულებით. საელჩო რეგულარულად აწყობს სხვადასხვა სახის აქტივობებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით.

ასევე აქტიურად ვეძებთ მსხვილ ბერძნულ კომპანიებს, რომლებსაც შესაძლოა საქართველოში საქმიანობის დაწყების ინტერესი ჰქონდეთ. მუდმივად იმართება შეხვედრები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით.

საბერძნეთი არის პატარა ქვეყანა, რომელსაც კარგად აქვს ორგანიზებული ქვეყნის თავდაცვის სისტემა. რამდენად შეუძლია გაიზიაროს საქართველომ ბერძნული გამოცდილება თავდაცვის სფეროში? ხომ არ იგეგმება ქართველი სამხედროების განათლების საქმეში ბერძნული სამხედრო სასწავლებლების შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენება, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა?

საქართველოს და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროები თანამშრომლობენ ყოველწლიური ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, რომელიც მოიცავს მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების ორგანიზებას, ექსპერტთა ვიზიტებს და გამოცდილების გაზიარებას. საქართველო ყოველწლიურად იწვევს ბერძენ სამხედროებს საჩხერის სამთო მომზადების ცენტრში დაგეგმილ საერთაშორისო კურსზე, ქართველი სამხედროები პერიოდულად მონაწილეობენ საბერძნეთში დაგეგმილ სხვადასხვა სახის  კურსებში.

ბერძენი სამხედროები მონაწილეობენ მრავალეროვნულ წვრთნებში – ,,AGILE SPIRIT”. აღნიშნულ წვრთნაში აქტიური მონაწილეობისთვის მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცა საბერძნეთის 32-ე საზღვაო ქვეითების ბრიგადის G-4 შტაბის ოფიცერს.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველო და საბერძნეთი აქტიურად თანამშრომლობენ საზღვაო უსაფრთხოების სფეროში. საბერძნეთის მთავრობა წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ადამიანური რესურსების განვითარებაში. საბერძნეთის საზღვაო-სამიჩმანო სასწავლებელში პერიოდულად სწავლობენ საქართველოს სანაპირო დაცვის მოსამსახურეები.

ამას გარდა, ორმხრივი შეთანხმებისა და ნატო-ს მოწვევის საფუძველზე, საქართველოს სანაპირო დაცვის მოსამსახურეები კუნძულ კრეტაზე, ნატო-ს საზღვაო აკრძალვითი ოპერაციების სასწავლო ცენტრში რეგულარულად გადიან  მომზადება-გადამზადებას.

როგორც ხედავთ, თანამშრომლობა დინამიკურია და ვგეგმავთ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიური გავხადოთ.

თქვენი წინამორბედი, ელჩი იოსებ ნანობაშვილი აქტიურად ცდილობდა საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის საკითხის მოგვარებას. საბერძნეთში მოღვაწე ქართულენოვანი იურისტების მონაწილეობით მომზადდა გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა მიზანიც აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება იყო. როგორია თქვენი პრიორიტეტები ლეგალიზაციის თემასთან მიმართებით?

ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბერძნულ უწყებებთან, რათა მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე, სხვა ენებთან ერთად, ქართულენოვანი ტესტებიც შეიტანონ. ვფიქრობ, ეს ბევრად გაუმარტივებს ქართველ ემიგრანტებს ბერძნული, ანუ მთელ ევროკავშირში მოქმედი, მართვის მოწმობის აღებას.

როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენელი, მიმართვის სახით, რას ეტყოდით ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საბერძნეთში იმყოფებიან?

 კარგად მესმის, თუ რა სირთულეები ახლავს სამშობლოსგან მოწყვეტილად, ემიგრაციაში ცხოვრებას. მე პირადად, ის რასაც კლასიკური გაგებით ემიგრანტობა ჰქვია, არ გამომიცდია, მაგრამ სამშობლოსგან მოშორებით ათ წელზე მეტი გამიტარებია. ამიტომ ჩემთვის უცხო არაა, როგორია მშობლებისგან, შვილებისგან, ნათესავებისგან, მეგობარ-ახლობლებისგან, საკუთარი კერიისგან შორს ცხოვრება; და მუდამ იმაზე ფიქრი, თუ ვის რა უჭირს შენს დიდ ოჯახში და როდის მოგეცემა მათი ნახვის საშუალება.

მართალია, სამშობლოს ვერაფერი შეცვლის, მაგრამ თუ რომელიმე ქვეყანაში შეიძლება ქართველმა ადამიანმა სამშობლოსთან ახლოს იგრძნოს თავი, ეს ქვეყანა ალბათ საბერძნეთია. ქართველებს და ბერძნებს ისტორიულად, უძველესი დროიდან ბევრი გვქონდა საერთო და დღესაც ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს. ახლოა ჩვენი კულტურა და ყოფიერება. საბერძნეთი მართლმადიდებელი, ჩვენი ერთმორწმუნე ქვეყანაა. მორწმუნე მართლმადიდებლისთვის კი საბერძნეთზე სანუკვარი ქვეყანა მხოლოდ სამშობლოა. თუ ვინმეს მაინდამაინც ქართულ ღვთისმსახურებაზე უნდა დასწრება, ამის საშუალებაც არის ათენსა და თესალონიკში.

ქართველი სასულიერო პირები სტუმრად საელჩოში: არქიმანდრიტი აბიბოსი, არქიმანდრიტი სინესიოსი (თეიმურაზი) და იერო დიაკონი ნიკოლოზი, რომლებიც ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში მოღვაწეობენ; ათენი, 2020 წლის 22 ივნისი

გარდა ერთმორწმუნეობისა, საბერძნეთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოცაა, რომელმაც მეგობრობის ხელი ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე გამოგვიწოდა და მას მერე აქტიურად და ქმედითად გვეხმარება.

ალბათ ამ ყველაფერმაც განაპირობა ის, რომ სწორედ საბერძნეთშია ქართული დიასპორა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი. ქართველების სიმრავლე ერთგვარად გვეხმარება იმაში, რომ ნაკლებად ვიგრძნოთ სამშობლოსგან სიშორე. ამას ემიგრანტები კი არა, ჩვენ, დიპლომატებიც კი ვგრძნობთ. კვირა არ გავა ისე, რომ რომელიმე ქართული ორგანიზაციის ღონისძიებაზე არ მიგვიწვიონ. ეს ძალიან გვიმსუბუქებს სამშობლოს მონატრებას.

დღეს საბერძნეთში ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლები, ბაგა-ბაღები. არსებობს სხვადასხვა პროფილის უამრავი დიასპორული ორგანიზაცია, კულტურის ცენტრი, თეატრალური დასი, ლიტერატურული სალონი, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, ტრადიციული ქართული  რეწვის შემსწავლელი წრე. ყველას ვერც კი ჩამოთვლი. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოსგან მოწყვეტილმა ადამიანმა არ დაკარგოს ეროვნული იდენტობა.

თუმცა, აქვე ისიც მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულეებს, რომ ქართული ენის სწავლის პარალელურად აუცილებელია ბერძნულის კარგად ცოდნაც. ეს  საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებაში, თქვენი უფლებებისა და ინტერესების დაცვაში დაგეხმარებათ. ბერძნული ენის გამართულად ცოდნა ადგილობრივი საზოგადოების სრულფასოვან წევრად გაგრძნობინებთ თავს. ამიტომ ვთხოვდი, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებს, სრულად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებსაც საბერძნეთის სახელმწიფო სთავაზობს უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებს, რათა დაეუფლონ ადგილობრივ ენას, რაც აუცილებელია ამ ქვეყანაში  კარგი განათლების მისაღებად. ცოდნა ყველაზე დიდი სიმდიდრეა, საბერძნეთი კი ის ქვეყანაა, საიდანაც ჩვენს წინაპრებს მოჰქონდათ სიბრძნე. ხომ ამიტომაც ვუწოდეთ ელადას ქართველებმა საბერძნეთი.

ესაუბრა გიორგი ჯანელიძე

ფოტოები საქართველოს საელჩოს და დავით დონდუას ოფიციალური ფეისბუქგვერდებიდან

ანიტა რაჭველიშვილის სოლოკონცერტს ათენის ცენტრში, რომაული აგორას ღია სივრცეში საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუც დაესწრო; 2020 წლის 18 ივლისი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close