მსოფლიოnewsსაზოგადოება

კორონავირუსი: ისრაელში სრულმასშტაბიანი შეზღუდვები ხელმეორედ ამოქმედდა

ისრაელში დღეს, 18 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მეორედ ამოქმედდა მკაცრი საყოველთაო კარანტინი კორონავირუსის პანდემიის გამო. ამის შესახებ გაზეთი „იედიოთ აჰრონოთი“ იუწყება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელსაც მეორედ შემოაქვს საყოველთაო კარანტინი ინფექციის გამო.

ქვეყნის მოქალაქეებს შეზღუდვების მოქმედების პერიოდში ეკრძალებათ საპატიო მიზეზების გარეშე თავიანთი საცხოვრებლის დატოვება, ჯგუფებად შეკრება (10 ადამიანზე მეტი – დახურულ შენობაში და 20 ადამიანზე მეტი – ქუჩაში). სახლიდან 500 მეტრზე უფრო შორს წასვლა აკრძალულია (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა), ამასთან, დაუშვებელია სტუმრად სიარული.

ისრაელის მაცხოვრებლებს, აგრეთვე, ეკრძალებათ პლაჟზე ყოფნა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაშვებული სპორტის სახეობით არიან დაკავებულები. ნებადართულია პარკებში და საბავშვო მოედნებზე სეირნობა. ფიტნეს კლუბები, სასტუმროები, საცეკვაო მოედნები, რესტორნები დაიკეტა. ნიღბის არქონის შემთხვევაში მოქალაქე 500 შეკელით დაჯარიმდება (დაახლ.146 აშშ დოლარი). წესების დაცვას ქუჩებსა და გზებზე პოლიციელები და სამხედროები აკონტროლებენ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კარანტინის შესახებ გასაწყვეტილების დამტკიცების წინა დღეს მოქალაქეები გააფრთხილა, რომ მთავრობა მოქმედი შეზღუდვების გამკაცრების საკითხს განიხილავდა.

ისრაელის მთავრობამ კარანტინის ხელმეორედ შემოღების გადაწყვეტილება 13 სექტემბერს მიიღო. პირველი კარანტინი მარტიდან მაისამდე მოქმედებდა, თუმცა მისი მოხსნის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა.

ნეთანიაჰუს თქმით, მთავრობამ ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის ბალანსისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა ჯანდაცვის სისტემაში უკვე საგანგაშო მდგომარეობაა.

ბოლო დღეებში ისრაელში ყოველდღიურად საშუალოდ 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

გასულ 24 საათში, გაზეთის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5238 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების მთლიანმა მაჩვენებელმა 46370-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19-ის გამო ისრაელში 1169 ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს ისრაელი ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close