ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

მორაგბე ზურა ჟვანიასა და მოდელ ლილე სახელაშვილის ახალგაზრდა ოჯახის პარიზული ცხოვრება

საქველმოქმედო ფონდ ,,ლილეოს“ დამფუძნებელი, „იმიჯ ცენტრის“ მოდელი და „მის საქართველო 2012“-ის კონკურსანტი ლილე სახელაშვილი ახლა უკვე დედაა და პარიზში ცხოვრობს მეუღლესა და პატარა ქალიშვილთან ერთად. საქმე ისაა, რომ მისი მეუღლე – ზურა ჟვანია მორაგბეა და პარიზულ კლუბ „სტად ფრანსეში“ თამაშობს უკვე 5 წელია. ზურა საქართველოს ნაკრების წევრიცაა და თავისი წვლილი შეაქვს ბორჯღალოსნების წარმატებებში. ლილეს ჩვენი კორესპონდენტი საფრანგეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

ლილე, დიდი ხანია, რაც საფრანგეთში ცხოვრობ? ხომ არ გიჭირს საქართველოდან შორს ყოფნა?

პარიზში მე 2 წელია, რაც ვცხოვრობ, ზურა – 5 წელია. ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი იმდენად საინტერესო იყო, რამდენადაც სასიამოვნო. რაც შეეხება სამშობლოდან შორს ცხოვრებას, ცოტა არ იყოს, რთულია, მაგრამ შეჩვეული ვარ დამოუკიდებლობას და ჩვენი საქმისთვის სადაც საჭირო იქნება, მზად ვარ, იქ ვიცხოვრო ჩემს ოჯახთან ერთად.

სად და როგორ გაიცანი შენი მეუღლე?

როგორც ხდება ხოლმე – სრულიად შემთხვევით, სოციალური ქსელის მეშვეობით. ყველაფერი მართლა იმდენად მოულოდნელად დაიწყო და ისე მალე განვითარდა, რომ ზურას მეგობრებს ეჭვიც კი შეეპარათ, მართლა ვარსებობდი თუ არა.

მალევე დაოჯახდით?

დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ზურას პარიზულმა ცხოვრებამ დააჩქარა ჩვენი ქორწინება. ჯვარი ამერიკაში დავიწერეთ მართმადიდებლურ ეკლესიაში. საინტერესო იყო ამერიკელების რეაქციები ნიუ-იორკის გადაჭედილ ქუჩებში „უზარმაზარი“ კაბით რომ დავდიოდი…

როგორია მორაგბის ცოლობა, რთულია?

რთულზე მეტად, ვფიქრობ, რომ  საპასუხისმგებლოა. დროდადრო ერთმანეთის გარეშე გვიწევს ყოფნა. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ზურას ხშირად უწევს მოგზაურობა… მაგრამ ვამაყობ ჩემი მეუღლის წარმატებებით როგორც საქართველოს ნაკრებში, ისე საფრანგეთის ჩემპიონატში. ძალიან რთული რეჟიმი აქვს და ვცდილობ, ყველანაირად ხელი შევუწყო. მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. არცერთი თამაში არ გამომიტოვებია, ხშირად დავდივარ ჩვენს პატარა მაშოსთან ერთად.

მაშო საფრანგეთში მოევლინა ქვეყანას, არა? ახლა რა ხნისაა?

დიახ, მაშო საფრანგეთში დაიბადა, ახლა წლის და 5 თვისაა, გამორჩეული და აქტიური ბავშვია და ყველგან და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ძალიან თბილი ბავშვია. როცა საჭმელს ვუმზადებ, მაშინაც კი არ მიშვებს ხელს. უზომოდ პრანჭიაა, ჩემი ყველა ჩანთა თუ ქუსლიანი ფეხსაცმელი მორგებული აქვს… თან დამყავს, სულ ჩემთან ერთად უნდა, სულ ერთად ვართ, ვკითხულობთ, ვხატავთ თუ ვწერთ… მაშოზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, ჩემთვის ყველაფერია, ის არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი, რომლის გამოც დაუფიქრებლად შემიძლია სიცოცხლეც კი დავთმო.

ზურა როგორი მამა და მეუღლეა?

ზურა ძალიან ყურადღებიანი მეუღლეა. პირველ რიგში, მეგობრები ვართ. სიურპრიზებითაც განებივრებული ვყავარ, ძალიან მოხერხებულია. დაბადების დღე საქართველოში, ერთ-ერთ რესტორანში გადამიხადა. ყველა ჩვენი მეგობარი იყო… უცებ მოულოდნელად უზარმაზარი ფეიერვერკი გაიშალა, რომელიც თურმე ჩვენი მანქანის საბარგულში იდო ყუთით…

მამობას რაც შეეხება, განსაკუთრებული მამაა, რაც არ უნდა დაღლილი იყოს, მაშოსთვის დრო ყოველთვის აქვს. მეგობრები არიან.

ვცდილობთ, მაშო ტრადიციულად გავზარდოთ, მაგრამ, ამავე დროს, თავისუფლად, არ შევზღუდოთ.

კარგი დიასახლისი ხარ?

ვცდილობ… მგონი, კარგად გამომდის. ზურას ჩინური და იაპონური სამზარეულო მოსწონს, ქართული – თავისთავად, თუმცა სულ ამბობს, რომ ჩემი მომზადებული კერძები ყველაფერს ურჩევნია, რაც ძალიან მიხარია.

დაოჯახებამდე ქველმოქმედებით იყავი დაკავებული. უფრო ვრცლად მომიყევი ამაზე. ისევ აპირებ ამ კეთილი საქმის გაგრძელებას?

სანამ დავოჯახდებოდი, საქველმოქმედო ფონდი მქონდა – „ლილეო“, მრავალშვილიან  ოჯახებს და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ვეხმარებოდი. გაგრძელებას რაც შეეხება, ვნახოთ, დრო როგორ მიჩვენებს. ქველმოქმედების დიდი სურვილი მაქვს. ზურა რამდენჯერმე იყო ჩემს ფონდში სტუმრად. მაშოც მინდა ჩავრთო ჩემს საქველმოქმედო ფონდში.

ამჟამად რას საქმიანობ გარდა იმისა, რომ მაშოს ზრდი? როგორც ვიცი, სდასუ (საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი) გაქვს დამთავრებული.

დიახ, სდასუ დავამთავრე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ამჟამად ვეუფლები ფრანგულ ენას Philotechnique Boulogne-ის კოლეჯში და გამოცდისთვის ვემზადები, რომელიც მაისში ჩატარდება. სერტიფიკატს ავიღებ, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. კოლეჯში ბევრი მეგობარი შევიძინე. აქ ყველა ეროვნების ადამიანი სწავლობს: მექსიკელი, ამერიკელი, ჩინელი… ერთმანეთს ვეხმარებით წარმატების მისაღწევად.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ? რომელ სფეროში აპირებ საქმიანობას?

ჩემს მომავალს ბიზნესში ვხედავ, თუმცა უფრო კონკრეტულად ჯერ არ ვისაუბრებ…

თავისუფალ დროს რას აკეთებ?

ვვარჯიშობ, ძალიან მიყვარს სპორტი. დანარჩენ დროს ზურასა და მაშოსთან ერთად ვატარებ, ვხვდებით მეგობრებს, რომლებსაც ძალიან უყვართ ჩვენთან სტუმრობა. ხშირად ვმოგზაურობთ, ღირსშესანიშნავ ადგილებს ვათვალიერებთ, ვცდილობთ გავიცნოთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურა.

რას იტყვი ევროპელებზე, როგორები არიან?

სასიამოვნო და ენერგიული ხალხია. ძალიან ბევრს შრომობენ, დროის ფასი იციან და ცდილობენ, ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენონ.

საქართველოში როდის აპირებთ დაბრუნებას?

თითქმის ყოველთვის, როცა ზურა თავისუფალია, საქართველოში ჩამოვდივართ.

რას ეტყოდი საქართველოს და ქართველებს?

ძალიან მიყვარხართ!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close