სირაკუზა – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს დედოფალი

მიკენურ და მის შემდგომ ეპოქაში დაიწყო ბერძნების იტალიაში გადასახლების პროცესი, რომლის შედეგადაც იტალიის ერთ მნიშვნელოვან ნაწილს „დიდი საბერძნეთი“ („დიდი ჰელასი“) ეწოდა.

სიცილიის დიდ კუნძულამდე მიაღწია ლაბირინთის შემქმნელმა დედალოსმა (მას შემდეგ, რაც მისი შვილი იკაროსი დაიღუპა). ანტიკურ ეპოქაში აქ აიგო ბერძნული ქალაქი სირაკუზა, რომელიც კორინთოელებმა დააარსეს ძველი წელთაღრიცხვით 735 წელს.

სირაკუზის მოპირდაპირედ, პელოპონესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს ქალაქი კილინი (საიდანაც მიკენური ეპოქის ბერძნები იტალიაში გაემართნენ და რომი დააარსეს), ასევე, ოლიმპია – სპორტის სავანე. სირაკუზამ ევროპულ სივრცეში განსაკუთრებული, წმინდა ადგილი დაიკავა, რაც შემდეგ ისტორიამაც დაადასტურა, ამ მშვენიერი ქალაქის ხმელთაშუაზღვისპირეთის ნამდვილ დედოფლად აღიარებით ვაჭრობის, ხელოვნების, დამწერლობის, მეცნიერების და სამხედრო სფეროებში, ხუთი საუკუნის განმავლობაში (სამი ეპოქა: არქაული, კლასიკური და ელინისტური). სირაკუზა ისეთივე დიდებული იყო, როგორც იმ დროს მისი მიტროპოლია კორინთო.

სირაკუზის ხედი

ღვინო საქართველოში დაიბადა, საბერძნეთს გადაეცა და, როგორც „ვინომ“, ასე მიაღწია სირაკუზამდე. იგივე გზა გაიარა მეტალურგიულმა ტექნოლოგიამაც, რომელიც ძველმა ბერძნებმა, სავარაუდოდ, ასევე ქართველებისგან ისწავლეს და იტალიაში შეიტანეს. სირაკუზასთან ახლოს მდებარე ვულკან ეტნის ლავა მდიდარი იყო სხვადასხვა სახის მეტალით. სწორედ ამიტომაც ბერძნულ, ქართულ და იტალიურ მითოლოგიაში წარმოდგენილია „ჰეფესტოსი“.

სირაკუზის გეოლოგიური აგებულება კომპლექსურია და ძალიან ჰგავს პელოპონესის ნახევარკუნძულზე მდებარე პატარა კუნძულ მონემვასიას, რომელიც იმავე გეოგრაფიულ განედზეა. სირაკუზა შედგება ულამაზეს კუნძულ ორტიგიასა და კონტინენტური ნაწილისაგან. კონტინენტურ ნაწილზე განსაკუთრებით შთამბეჭდავია ძველბერძნული თეატრი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში აიგო და 15 ათას მაყურებელს იტევს.

სირაკუზის ბერძნული თეატრი

ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში ქალაქს ძლიერი გალავანი შემოარტყეს, რომლის საერთო სიგრძე 27 კმ-ს შეადგენდა და ამ გზით შეიქმნა ძლიერი თავდაცვითი ზღუდე. ამ გალავნის ნახაზი ჰიტლერმა საფრანგეთთან ე. წ. „ზიგფრიდის“ თავდაცვითი ზღუდის აგებისას გამოიყენა.

კუნძულ ორტიგიაზე არსებული უძველესი ტაძარი, რომელიც ქალღმერთ ათენას სახელობისაა, მოგვიანებით კათოლიკურ ეკლესიად გადაკეთდა და დღესაც არსებობს.

ქალღმერთ ათენას ტაძარი სირაკუზაში (სირაკუზის საკათედრო ტაძარი)

კუნძულის განაპირას დგას ბერძენი სამხედრო მოღვაწის, გიორგოს მანიაკისის ფორტი. მანიაკისმა მე-11 საუკუნეში ქალაქი არაბი დამპყრობლების შემოსევას გადაარჩინა.

გეორგიოს მანიაკისის შეასაუკუნეობრივი ფორტი

კუნძულზე მრავლად მოიპოვება ბაროკოს სტილისა და რომაული არქიტექტურის ნიმუშები, რაც მას ძალიან ალამაზებს.

ორტიგიის თანამედროვე ხიდი

ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში სირაკუზელები კართაგენელ ფინიკიელებს ებრძოდნენ. ამ ბრძოლების შედეგად სირაკუზელებმა მიაღწიეს ბავშვების მსხვერპლშეწირვის ფინიკიური ბარბაროსული ტრადიციის გაუქმებას.

ძველი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნეში სირაკუზის ყველაზე განთქმული მოქალაქე იყო მრავალ მეცნიერებაში გაწაფული და თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი მამა, არქიმედე.

ძველი წელთაღრიცხვით 240 წელს სირაკუზელებმა კაცობრიობის ისტორიაში პირველი გიგანტური ტურისტული გემი ააგეს, რომელსაც ჰქონდა სამი გემბანი, ბაღები, სააბაზანო ოთახები, ბიბლიოთეკა და ზედ იდგა აფროდიტეს ტაძარი. გემის მექანიკური მოწყობილობა არქიმედემ დაამზადა. მეორე ასეთი სახის გემი 2150 წლის შემდეგ, თანამედროვე ეპოქაში, ბრიტანეთში ააგეს და მას „ტიტანიკი“ ეწოდა.

სირაკუზამ მრავალი კოლონია დააარსა. ერთ-ერთი მათგანი იყო ადრია, რომლისგანაც მიიღო სახელწოდება ადრიატიკის ზღვამ. ასევე, ანკონი ანუ ანკონა, სადაც დაკრძალულია ფილოსოფოსი და პოეტი მიხეილ მარულოს-თარხნიშვილი და ისტორიკოსი ივანე თარხნიშვილი, რომელთა გვარი ბერძნულად გამოითქმებოდა, როგორც „ტარხანიოტის“, ხოლო იტალიურად – „ტარკანიოტა – ტარკანიოტო“. ერთ-ერთი კოლონია იყო ქალაქი ლისოსი (დღევანდელი ქალაქი ვისი ხორვატიაში, რომელიც, სანამ ხორვატების გახდებოდა, იყო იტალიელთა ქალაქი ლისა). ამ ქალაქში მოხდა ცნობილი საზღვაო ბრძოლა იტალიელებსა და ავსტრიელებს შორის 1866 წელს.

ძველი წელთაღრიცხვით 212 წელს რომაელებმა სირაკუზა დაიპყრეს და არქიმედე მოკლეს. ქალაქმა არსებობა განაგრძო, მაგრამ მისი ძალა, დიდება და გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. ბიზანტიურ ეპოქაში ბერძნული ჯარი კვლავ შევიდა სირაკუზაში და სიცილია არაბების შემოსევებისგან გადაარჩინა.

დღეს სირაკუზა იტალიური ქალაქია და მისი მოქალაქენი, ისევე როგორც სიცილიის მცხოვრებნი, იტალიელები არიან, მაგრამ პატივს სცემენ თავიანთ ბერძნულ ფესვებს. ამავე დროს, ბერძნების გვერდით ყოველთვის არიან ქართველები. 2014 წლის ივლისში იტალიურმა იალქნიანმა გემებმა განახორციელეს სიმბოლური მოგზაურობა სირაკუზიდან კორინთოში. საბერძნეთში გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდა საბერძნეთის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი სალომე ხვიტია, რომელმაც ინტერვიუ მისცა იტალიელ და ბერძენ ჟურნალისტებს.

სალომე ხვიტია ჟურნალისტებს ესაუბრება (2014 წელი)

მან პარალელი გაავლო კორინთოში იტალიელების ჩამოსვლასა და 2009 წელს საქართველოში თანამედროვე არგონავტების ვიზიტს შორის, აღწერა საქართველოს სილამაზე და მისი მდიდარი ისტორია; იქვე დაუმატა, რომ ძველი ტექსტები იძლევიან საშუალებას, გამოითქვას მოსაზრება, რომ არგონავტებმა სამშობლოში დაბრუნებისას აღმოსავლეთ სიცილიაც მოინახულეს.

იოანის ბულიასი,

ისტორიკოსი, ენათმეცნიერი
წერილი დაიბეჭდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, „ისტორიანის“ 2017 წლის აგვისტოს ნომერში #8(80)

კომენტარები
Загрузка...