ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

მიტროპოლიტმა დიმიტრიოსმა მითხრა: „ჩვენ, ბერძნებს და თქვენ, ქართველებს ერთი სისხლი გვაქვს – ქრისტეს სისხლი!“

ნატალია კაპანაძე უკვე 15 წელია ათენში ცხოვრობს და მუშაობს. სხვების მსგავსად, ევროპაში ისიც ოცნებების ასასრულებლად და თავის დასამკვიდრებლად წავიდა, რომ საყვარელი საქმის წამოსაწყებად მეტი რესურსი ჰქონოდა. მან შეძლო თავის ოცნებებისთვის ფრთების შესხმა და ახლა იგი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერონს“ უძღვება, რომლის დამფუძნებელიც თავადაა. ორგანიზაცია „ივერონი“ ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს. ნატალიამ ქართულის გარდა კიდევ 5 ენა იცის: რუსული, ინგლისური, აზერბაიჯანული, ესპანური და, თავისთავად ცხადია, ბერძნული.

ნატალია, მოგვიყევი შენზე, როგორ წახვედი ათენში და რა გზა გაიარე?

2003 წელს ჩამოვედი საბერძნეთში – როგორც ყველა ემიგრანტი, მეც ოცნებებით და ლამაზი გეგმებით სავსე… მაშინ ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ერთ წელს დავრჩებოდი, თუმცა აი, უკვე 15 წელი ხდება, რაც ათენში ვცხოვრობ. ძალიან ძნელია, უცხო ქვეყანაში დამკვიდრდე და მონახო შენთვის შესაფერისი ადგილი, მიაღწიო დასახულ მიზანს და ცოტათი მაინც გააქარწყლო ის უდიდესი მონატრება, რომელიც ყველა ემიგრანტს გულს გვიმძიმებს – სამშობლოს, ოჯახის და ერის მონატრება! მაგრამ საბერძნეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა და ქრისტიანული სარწმუნოება მართლაც რომ ყველა ქართველს უფრო მეტად აახლოებს ბერძენ ხალხთან!

ათენში დავამთავრე ამერიკული უნივერსიტეტი – HELLENIC AMERICAN UNIVERSITY IN GREECE და ქართველ ემიგრანტ ბავშვებსაც ვამზადებდი ინგლისურში; ქართულენოვან სკოლაშიც ვასწავლიდი ინგლისურ ენას. დიდი სურვილი მქონდა, რომ ინგლისურენოვანი ბაღი გამეხსნა, თუმცა…

მე პირადად, რწმენამ და ქრისტიანულმა მრწამსმა მომცა და დამანახვა ის სიყვარული, რომელიც საბერძნეთის და ბერძენი ხალხის მიმართ მაქვს! მიყვარს საბერძნეთი! მიყვარს ბერძენი ერი! კეფალონიის მიტროპოლიტმა დიმიტრიოსმა მითხრა: „ჩვენ, ბერძნებს და თქვენ, ქართველებს ერთი სისხლი გვაქვს – ქრისტეს სისხლი!“

სწორედ რწმენამ გადამაწყვეტინა, ჩამომეყალიბებინა ქართული ორგანიზაცია და ქართველი ემიგრანტებისთვის ემიგრანტული ცხოვრება უფრო მეტად გამეხალისებინა და გამელამაზებინა.

უფრო ვრცლად გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ, თუ შეიძლება.

სანამ ჩემს ორგანიზაციას დავაარსებდი, „ქართველ ქალთა ორგანიზაციის“ თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერონი“ 2011 წელს დაავაფუძნე ჩემს მეუღლესთან – დავით დოლიძესთან ერთად, რომელიც თავდაუზოგავად მიდგას მხარში. ამ შვიდი წლის განმავლობაში თითქმის მთელი საბერძნეთის სიწმინდეები მოვილოცეთ ქართველ ემიგრანტებთან ერთად. ყოველი მოლოცვის დროს მინდა პატარა, იოტისოდენა წვლილი მაინც შევიტანო ჩემს მომლოცველებთან ერთად საქართველოს დედა ეკლესიის აღორძინებაშიც.

2015 წელს ჩავატარეთ საქველმოქმედო კონცერტი, ისრაელიდან უსაყვარლესი და უნიჭიერესი დუეტი – „ელეგია“ გვესტუმრა და კონცერტზე შემოსული თანხით თბილისში არსებულ „დაუნის სინდრომის ასოციაციას“ დავეხმარეთ. მათ ჩვენ მიერ გადარიცხული  თანხით ჭრელი წინდები შეიძინეს და თავიანთი ასოციაციის პოპულარიზაცია მოახდინეს „უთვალავი ჭრელი წინდის“ კამპანიით (უთვალავი წინდის – Lot`s of Socks – კამპანიის ტრადიციას, რომლის მიზანიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისადმი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა, 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი – რედ). მაშინ საქართველოს ყველა თანამდებობის პირი დაინტერესდა ამ ასოციაციით და, ამგვარად, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ჩვეულებრივ სკოლაში შეუძლიათ სიარული და არა სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში! ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერონის“ მიერ გადარიცხული თანხით თარგმნეს ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის; ეს თანხა, აგრეთვე, რამდენიმე ბავშვის მკურნალობასაც მოხმარდა.

თქვენ თავად შვილები გყავთ?

მე და ჩემი მეუღლე ორ პატარ ქართველ ემიგრანტს ვზრდით უცხო ქვეყანაში, გიგა და ნიკოლოზ დოლიძეებს, მაგრამ ქართული მენტალიტეტით და სამშობლოს სიყვარულით.

როგორც ვიცი, სწორედ თქვენი საქველმოქმედო ორგანიზაცია დაუდგა გვერდში საბერძნეთში პირველად ჩამოსულ სირიელ და ავღანელ ლტოლვილებს…

„ივერონი“ არის ბერძნული არასამთავრობო ორგანიზაცია „მელისას“ წევრი. როდესაც საბერძნეთში პირველად დაიწყეს სირიიდან და ავღანეთიდან ლტოლვილებმა მასობრივად ჩამოსვლა 2015 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია „მელისას“ ყველა წევრმა, მათ შორის, ჩემმა ორგანიზაცია „ივერონმაც“, დავიწყეთ დახმარებების შეგროვება ამ ხალხისთვის. 2015 წლის 4 დეკემბერს ათენში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელიც აეროპორტიდან პირდაპირ „მელისას“ ოფისში მოვიდა, რომ მადლობა გადაეხადა ჩვენთვის ამ ადამიანთა დახმარების გამო.

სახელწოდებიდან გამომდინარე, როგორც ვხვდები, რელიგიური დატვირთვა აქვს თქვენს ორგანიზაციას, ხომ?

დიახ, ეკლესიური კუთხით ვმოღვაწეობთ. უკვე არაერთი ხატი, საეკლესიო ნივთი თუ სიწმინდე შევწირეთ საქრთველოს ეკლესია-მონასტრებს ჩემი ორგანიზაციის და ქართველი ემიგრანტების სახელით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩემი მომლოცველების სახელით, მანტია გავუგზავნე. ტაუ-პენდელის მონასტერში 179 წამებულ ბერთა წმინდა ნაწილი გადმომცა მონასტრის იღუმენიამ და შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს, ერკეთის დედათა მონასტერს და ჩოხატაურში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდაბნოს მამათა მონასტერს და სხვა მონასტრებს გადავეცით.

წმინდა პატაპი უამრავ უშვილო ქართველ ქალს შეეწია და მისცა შვილი,1000-მდე ავადმყოფი განკურნა. ამიტომ წმინდა პატაპის მონასტერში ქართველმა მონაზონმა დედა ოლიმპიადამ დაწერა მისი ხატი, რომელიც საქართველოში ჩამოვაბრძანეთ და იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდაბნოს მამათა მონასტერს შევწირეთ (ჩოხატაურის რაიონში); თვით წმინდა პატაპის წმინდა ნაწილი გადმომცეს და ასევე იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში დავაბრძანე; ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ადის უდაბნოს მამათა მონატერში, რათა წმ. პატაპის ხატი მოილოცოს, რომელიც თითქმის ყოველდღე ახდენს სასწაულებს საქართველოში. უდაბნოს მამათა მონასტერს შევწირე, აგრეთვე, პირველი საუკუნის წმინდანის, წმინდა ხარალამბეს წმინდა ნაწილიც.

კიდევ უამრავი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალო, თუმცა ეს შორს წაგვიყვანს… არაერთი მონასტრის მშენებლობისთვის გადარიცხეს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერონმა“ და მისმა მომლოცველებმა თანხა და არაერთხელ დავეხმარეთ ფულადი სახსრებით გაჭირვებულ ოჯახებს საქართველოში!

ჰუმანიტარული დახმარებაც გამოგზავნეთ ხომ საქართველოში?

დიახ, არაერთხელ გავგზავნეთ საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთი. 300 კილოზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავუგზავნეთ 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულ თბილისელებს, ასევე, 400 კილო ჰუმანიტარული დახმარება – გურიაში, შემოქმედის ეპარქიაში გავგზავნეთ უმწეოთა დასახმარებლად.

რა არის თქვენი ორგანიზაციის დევიზი?

ორგანიზაცია „ივერონის“ დევიზია: „ბევრი კეთილი საქმე ვაკეთოთ როგორც საქართველოში, ისე საბერძნეთში“.

საქართველოს პრეზიდენტი ათენში რომ იყო ჩამოსული და დიასპორულ ორგანიზაციებს შეხვდა, თქვენც იყავით იმ შეხვედრაზე?

დიახ. ეს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ ბატონ გიორგი მარგველაშვილთან წლეულს, 8 თებერვალს გაიმართა ათენში და მასზე მე პირადად ვრცლად ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რომლებიც ქართველ ემიგრანტებს აწუხებთ საბერძნეთში. ამ პრობლემებიდან ყველაზე მთავარი კი უსაბუთობაა! ამ საუბარს საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და ეს მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ საბერძნეთის მთავრობის გადწყვეტილებით და დახმარებით შეიძლება მოხდეს ათასობით ემიგრანტისთვის ამ მეტად მტკივნეული საკითხის სასიკეთოდ გადაჭრა!

მანამდე, 2017 წლის მაისში მიწვეული ვიყავი ქ. ამსტერდამში შეხვედრაზე, რომელიც ეხებოდა ლტოლვილთა და ემიგრანტთა მნიშვნელოვან საკითხებს! ამ შეხვედრას ესწრებოდა 200 სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან. იქაც ვრცლად ვისაუბრე ქართველ ემიგრანტთა პრობლემებზე საბერძნეთში და ხაზი გავუსვი, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა უსაბუთობაა! სწორედ საბუთების მოწესრიგებაზე გავამახვილე აქცენტი უფრო მეტად იმ იმედით, რომ ევროპა მიიღებს გარკვეულ სწორ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არალეგალებთან დაკავშირებით!

უფალი მოწყალეა და ვიცი, რომ მალე ეს საკითხიც მოგვარდება, მაგრამ სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე და საშუალება მომეცემა, მე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერონის“ დამფუძნებელი, ყველგან მოვითხოვ ამ საკითხის გადაჭრას!

რა არის თქვენი მთავარი სურვილი?

ძალიან მინდა, საქართველოს საზღვრები გავაძლიეროთ, რათა ბოროტმა არ ავნოს ჩვენს ლამაზ ქვეყანას. ჩვენ, ქართველები მართლაც მადლიანი ერი ვართ და ორმაგად გვმართებს ბრძოლა ქრისტესთვის, სარწმუნეობისთვის; ჩვენ მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე სხვა ერს და ვიცი, რომ ეს გამოცდა უფლისგან დაგვიფასდება.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
Close