მსოფლიოსაზოგადოება

პირბადის ტარება მთელ პარიზში სავალდებულო გახდება

პარიზის მაცხოვრებლებს მასობრივად მოუწევთ პირბადის ტარება კორონავირუსის აქტიური გავრცელების გამო, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს

„ეპიდემია ტერიტორიებს მოიცავს და დადგა დრო, ჩავერიოთ“, – უთხრა პრემიერმა ჟურნალისტებს, თუმცა არ დაუზუსტებია, ახალი რეგულაცია როდიდან შევა ძალაში.

პარიზის მერის მოადგილის, ნიკოლა ნორდმანის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონკრეტული ინფორმაცია ძალიან მალე გახდება ცნობილი.

აქამდე პირბადის ტარება სავალდებულო იყო პარიზის შედარებით დატვირთულ და ხალხმრავალ უბნებში, მათ შორის, შანზ-ელიზეზე.

მედიის ინფორმაციით, პარიზი ქვეყნის იმ 21 ზონაში შედის, სადაც ვირუსი ვრცელდება.

კასტექსის თქმით, ყოველ კვირაში საავადმყოფოებში დაახლოებით 800 ინფიცირებულს ათავსებენ, 6 კვირის წინ კი ეს მაჩვენებელი 500 იყო.

მთავრობას სურს, განმეორებითი იზოლაცია თავიდან აიცილოს, თუმცა ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვაც არ შეიძლება და ლოკალური კარანტინები მომავალში სავსებით შესაძლებელია, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ხუთშაბათს, 27 აგვისტოს ხელისუფლებამ პარიზის რეგიონის ყველა დეპარტამენტი ვირუსის გავრცელების  „წითელ ზონად“ გამოაცხადა. ეს კლასიფიკაცია პრეფექტებს უფლებას აძლევს, მიიღონ უფრო მკაცრი ზომები, ვიდრე პირბადის ტარებაა.

ამრიგად, პრეფექტებს შეუძლიათ შეზღუდონ ადამიანთა შეკრება, როგორც მარსელში, სადაც გადაწყდა, რომ ბარები და რესტორნები 23:00 საათზე დაიკეტება, თუმცა ნიკოლა ნორდმანის თქმით, პარიზის მერიისთვის ასეთი გადაწყვეტილება მაინცდამაინც მისაღები არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში 26 აგვისტოს, ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსით ინფიცირების 5400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღეს – 3300.

მედიის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტების შედეგად ყოველ 100 ათას მოსახლეზე 39 დაავადებული ვლინდება, 4-ჯერ მეტი, ვიდრე ერთი თვის წინ, ამასთან, დაავადების შემთხვევების ზრდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში აღინიშნება.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: CB avec AFP

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close