ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილი დახვდა
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში მას თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილ მდგომარეობაში დახვდა.
როგორც მიხეილ რამიშვილი ამბობს, უწყებაში განუმარტეს, რომ კოდს მიაგნეს, თუმცა კომპიუტერში არ შესულან. უფლებადამცველის თქმით, საგამოძიებო უწყებიდან გახსნასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვა სცადა.
„მე ვთქვი, რომ ვცდილობდი, კავშირზე გავსულიყავი ამერიკის ფედერალური ბიუროში და, შესაბამისად, მომეძებნა ექსპერტი. ამის განცხადება იყო თუ არა, დამიკავშირდნენ, რომ ჩვენ შევძელითო და შეგვიძლია გავხსნათო, კოდს მივაგენითო. როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, ლუქი იყო მოხსნილი, გახსნილ მდგომრეობაში დამახვედრეს კომპიუტერი. კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ეს ყოველივე, მითხრეს, რომ კოდს მიაგნეს, თუმცა კომპიუტერში არ შესულან. იმ მაღალჩინოსნის ნათქვამს, რომ თქვენი გოგო შარშიაო და შემდეგში უარყოფას, რომ ამდაგვარი საუბარი არ ყოფილა, დაემთხვა ისიც, რომ თამუნას ფეისბუქი წაიშალა. უკვე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. რას ემსახურებოდა იმ მაღალჩინოსნის განცხადება, რომ შარში იყო ეს ბავშვი, თუ კომპიუტერს იმ დღეებში ვერ ხსნიდნენ და ვერ გახსნეს? სკანირება მიმდინარეობს და რამდენი საათი და დღე დასჭირდება, ვერ გეტყვით. ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ექსპერტების ჩამოყვანა მოხდეს და გადამოწმდეს, როდის იყო ბოლო შემხებლობა კომპიუტერთან“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ამ დრომდე დალუქულია თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი.
„რაც შეეხება ავტომობილს, ის დალუქულია და იმედია, გახსნილი არ არის. ჩემ თვალწინ დაილუქა და ჩემი ხელმოწერაა იმ ლუქებზე. ვცდილობ, დავუკავშირდე „ჰიუნდაის“ წარმომადგენლობას, მოვიწვიო ექსპერტი, რომ ჩემ თვალწინ გაიხსნას მანქანა“, – განაცხადა მიხეილ რამშვილმა.
ადვოკატის განმარტებით, მისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ აეროგადაღების ჩანაწერი.
კომენტარები