ეკონომიკასაქართველო

ხობის ფერმა იტალიაში 45 ტონა ლოკოკინას გაიტანს

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ აშენდა. ფერმა პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, იტალიაში ახორციელებს. წელს, ოქტომბერში იტალიაში 45 ტონა ლოკოკინა ექსპორტზე გავა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად, ჯამურად, 1 860 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. ფერმა წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს. საწარმოში მუდმივად 15 ადგილობრივია დასაქმებული.

„მეურნეობა, რომელიც საკმაოდ დიდია, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ბიოლოგიურად წარმოებული ლოკოკინა, ძირითადად, საექსპორტო დანიშნულებისაა და ევროკავშირში გადის. ამ მიმართულებით სამინისტრომ აქტიურად იმუშავა. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ვალდებულებას ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფომ დააკმაყოფილა და დღეისათვის მოლუსკისნაირები და ლოკოკინები ევროკავშირის ბაზარზე არის დაშვებული. ღირებულებაში, ფერმერებისთვის, ეს არის საკმაოდ საინტერესო მიმართულება – ჰექტარზე შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს. ჩვენი პრიორიტეტია, სოფლის მეურნეობაში გვქონდეს აქცენტი მეტი ღირებულების მომტან მიმართულებებზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლოკოკინების ფერმაში, მინისტრთან ერთად, სამეგრელოს მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიაც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ლოკოკინების წარმოებას რეგიონში განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს, რასაც მოწმობს ის, რომ წარმოებაში ფერმერები აქტიურად ერთვებიან.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close