იტალიაში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
გასულ 2019 წელს იტალიაში 420 170 ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ იტალიის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (Istat) დღეს, 13 ივლისს განაცხადეს. ინფორმაციას იტალიური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დაკვირვების წარმოების მთელი ისტორიის მანძილზე. 2018 წელთან შედარებით ქვეყანაში შობადობა 4,5%-ით შემცირდა (19 ათასი ბავშვით ნაკლები დაიბადა).
შობადობის კლება ყველა რეგიონში დაფიქსირდა, თუმცა განსაკუთრებით შემცირდა ახალშობილთა რაოდენობა ცენტრალურ რეგიონებში – 6,5%-ით.
ბოლო პერიოდში შეიმჩნევა იტალიაში დაბადებული უცხოელი მოქალაქეების რაოდენობის კლება, ასე რომ, შობადობის ზრდაში უცხოეთის მოქალაქე ქალების წვლილი, რაც 2000-იანი წლებიდან ახალშობილთა რაოდენობის ზრდას განაპირობებდა, ბოლო პერიოდში ყოველწლიურად მცირდება.
2019 წელს იტალიაში 62 944 უცხოელი ბავშვი დაიბადა (ახალშობილთა მთლიანი რაოდენობის 15%), რაც 2500-ით ნაკლებია (-3,8%) 2018 წელთან შედარებით.
ამასთან, 2019 წელს იტალიიდან მიგრაციის ოფიციალური მაჩვენებელი (მოქალაქეები, რომელთა მონაცემებიც რეესტრში ანულირებულია), 2018 წელთან შედარებით, 16,1%-ით გაიზარდა: ქვეყნის ტერიტორია 182 150-მა ადამიანმა დატოვა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები